სუს-ის გაფრთხილება: არ დაუშვათ კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან გაფრთხილების წერილი მიიღო ორგანიზაცია „მრავალეროვნული საქართველოს ანტიფაშისტური კოალიციის“ პრეზიდენტმა რევაზ გოგიძემ.

წერილში, რომელსაც ხელს აწერს, საქართველოს კანონით „თავისუფლების ქარტია“ განსაზღვრული კომისიის თავმჯდომარე სულხან გოცაძე, ნათქვამია, რომ კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენების შემთხვევაში მიიღებენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.

„როგორც ცნობილია, საქართველოში მოქმედი ორგანიზაციების მიერ იგეგმება გარკვეული საჯარო ღონისძიებების გამართვა, მათ შორის, ინტერნეტსივრცეში, რომლის ფარგლებში შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკა.

„თავისუფლებისა ქარტია" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიზნების უზრუნველსაყოფად და ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, მოგმართავთ, რომ არ დაუშვათ და აღმოფხვრათ კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება.

აღნიშნული ასევე ვრცელდება ინტერნეტის და სხვა საშუალებების გამოყენებით კომუნისტური სიმბოლიკის პროპაგანდაზე.

ხსენებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონდამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“, - ვკითხულობთ წერილში, რომელსაც მისი ადრესატი, „მრავალეროვნული საქართველოს ანტიფაშისტური კოალიციის“ პრეზიდენტი რევაზ გოგიძე აქვეყნებს.

სწორედ, რევაზ გოგიძე არის ხელმძღვანელი ორგანიზაციის „პატრიოტული საზოგადოებრივი მოძრაობა საქართველოს უკვდავი პოლკი“.

„რია ნოვოსტი“ იუწყება, რომ პანდემიის მიუხედავად „უკვდავი პოლკის“ წარმომადგენლები საქართველოში 9 მაისს მსვლელობის გამართვას გეგმავენ. სააგენტოს ინფორმაციით, „სამამულო ომში“ გამარჯვების 76-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მსვლელობები თბილისსა და სხვა ქალაქებში ჩატარდება.

ასევე ნახეთ სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 მაისს ვაკის პარკში ღონისძიება არ გაიმართება 

„პატრიოტული საზოგადოებრივი მოძრაობა საქართველოს უკვდავი პოლკი“ საქართველოში ოფიციალურად 2019 წელს დარეგისტრირდა

„Бессмертный полк“ რუსული პროექტია, რომელსაც დანაყოფები აქვს ქვეყნებში, რომლებიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ. მოძრაობის მიზანი „სამამულო ომში“ დაღუპულთა ხსოვნის უკვდავყოფაა.

„უკვდავი პოლკის“ წევრები და მათი მხარდამჭერები 9 მაისს საქართველოშიც აწყობენ აქციებს.

„უკვდავ პოლკს“ აქტიურად უჭერს მხარს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.