ვარლამ გოლეთიანი: ვაიპატრიოტიზმის კონტექსტში ხელისუფლებას უნდა განვიხილავდეთ

ვარლამ გოლეთიანი

თბილისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ საკითხის დაყენება იმგვარად თითქოს აქციის მონაწილეები „ვაი პატრიოტები“ არიან და ქვეყნის 90-იან წლებში დაბრუნება სურთ არაადეკვატურია და ამაზე საზოგადოებას შესაბამისი რეაქცია უნდა ჰქონდეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის აღნიშნული განცხადების კომენტირებისას მან თქვა, რომ ვაიპატრიოტიზმი არა აქტივისტების, არამედ ხელისუფლების კონტექსტში უნდა განიხილებოდეს:

„ვაიპატრიოტიზმს მე ვფიქრობ, რომ ალბათ უფრო ხელისუფლების შემთხვევაში უნდა განვიხილავდეთ, ვაიპატრიოტიზმის კონტექსტში ხელისუფლებას უნდა განვიხილავდეთ. იმიტომ, რომ ხეობას ხელისუფლება ყიდის, რესურსებს ხელისუფლება ასხვისებს უგულებელყოფილია ადამიანის ფუნდამენატლური უფლებები. და ის რომ ჩვენ ამ ყველაფერს ვიცავთ და ვცდილობთ იმ ფონზე თან, რომ აგორებულია ჩვენს მიმართ დიდი შავი პიარკამპანია რასაც ხელისუფლება უდგას თავად სათავეში და ასპონსორებენ ასობით ფეისბუკგვერდს ახლადშექმნილს, რომელიც მუშაობს ჩვენს გაშავებაზე პირდაპირ და ამ მოძრაობის რაღაც მარგინალურ ვექტორზე გადაყვანაზე. ვისი ფულია ეს, ეს ნამდვილად გასარკვევია და ფაქტია, რომ ხელისუფლების ფული ამაში იხარჯება“, - უთხრა ჟურნალისტებს ვარლამ გოლეთიანმა. მისი თქმით, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები აქციების ისეთ ფორმებზე გადავლენ, რომელიც ხელისუფლებას თავისი დამოკიდებულების და პოზიციის შეცვლას აიძულებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილმა 24 მაისს "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეების მოთხოვნებზე საუბრის დროს "ბნელი 90-იან წლები" გაიხსენა და ოკუპაცია და სამოქალაქო ომი ახსენა. მან განაცხადა, რომ "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია:

"ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ეს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი არის ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი. ჩვენ კარგად გვახსოვს, ის ბნელი პერიოდი, როცა ვითომ პატრიოტიზისმი ეგიდით და საფარქვეშ, ყველა აქტივისტი იყო, ყველა "ძალიან კარგი სპეციალისტი". შედეგად რაც მივიღეთ კარგად მოგეხსენებათ, სამოქალაქო ომი და დავანგრიეთ ჩვენ თვითონ ჩვენი ქვეყანა... მთლიანად ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციაც ჩვენი იმდროინდელი გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგია...

მინდა ყველა ამ ადამიანებს მივმართო და მოვუხმო გონიერებისაკენ. სახელმწიფო იმართება კანონით და კონსტიტუციის ფარგლებში", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე ნახეთ ღარიბაშვილი "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებზე: ულტიმატუმებით საუბარი ბნელი 90-იანების გადმონაშთია

"ნამახვანჰესის" მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა გუშინ 23 მაისს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გამართული მრავალათასიანი აქციის შემდეგ კარვები გაშალეს. ამ დროისათვის მოდენაზე 20-ზე მეტი კარავია გაშლილი.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, საპროტესტო მოძრაობის წევრები კარვებში დაელოდებოდნენ 24 მაისის 12:00 საათს. სწორედ ამ დრომდე მისცეს მათ ხელისუფლებას ვადა მათ მიერ დაყენებული მოთხოვნების შესასრულებლად. "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დედაქალაქის პარალიზებას მოახდენენ.

ასევე ნახეთ გოლეთიანი: ჩვენ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდება პიკეტირება სხვადასხვა ადგილების, ამას შევასრულებთ

საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები ასეთია:

  • გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია "ენკა რინიუებლზს" შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.
  • გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ".
  • გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
  • საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნებში ასევე შედის ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ამ პროექტში.