ჩინეთში ძლიერი წყალდიდობაა

სულ მცირე 12 ადამიანია დაღუპული მასშტაბური წყალდიდობის შედეგად ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ჰენანის პროვინციაში. ბოლო დღეებში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა და კალაპოტიდან გადავიდა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მდინარე ხუანხე.

სტიქიამ ყველაზე მეტად დააზარალა ჰენანის პროვინციის დედაქალაქი ჩჟენჟოუ, სადაც 12 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქში დატბორილია საცხოვრებელი სახლები, გზები და მეტრო. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.

Reuters-ის ინფორმაციით, 12 ადამიანი მეტროში წყლის შევარდნისას დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მაშველების მიერ მეტროდან ევაკუირებულია 500-ზე მეტი ადამიანი.

ჩინეთის მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, წვიმა კიდევ სამ დღეს გაგრძელდება.

ასევე ნახეთ ევროპაში იზრდება წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი