არ გიცდია, დაგეყვირა? - ქართული მართლმსაჯულება ბავშვზე სექსუალური ძალადობის გამოძიებისას

როგორ იძიებენ საქართველოში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის დანაშაულებს, როგორ მუშაობს სისტემა და რა რჩება გადაუჭრელ პრობლემად?

ამ კითხვებს სცემს პასუხს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით მომზადდა და რომელშიც დეტალურად არის მიმოხილული ამ მხრივ ქვეყანაში არსებული ვითარება.

კვლევის შედეგები არ არის სახარბიელო.

ასევე ნახეთ სექსუალური ძალადობა ბავშვებზე: ყველაზე დაფარული დანაშაული

სად ვართ დღეს?

გამოკვლევის ავტორები აცხადებენ, რომ საქართველოს კანონმდებლობა ბავშვზე სექსუალური ძალადობის და სექსუალური ექსპლუატაციის შესახებ ისევ შორსაა ადამიანის უფლებათა იმ სავალდებულო ინსტრუმენტებისგან, რომელთა მონაწილეც საქართველოა.

ერთ-ერთი ავტორი, ორგანიზაცია „Equality Now“-ს წარმომადგენელი, იურისტი თამარ დეკანოსიძე დღემდე გადაუჭრელ პრობლემად მიიჩნევს:

  • ბავშვზე სექსუალური ძალადობის დანაშაულების დროულ გამოვლენა/აღკვეთას,
  • მართლმსაჯულების სათანადო განხორციელებას,
  • ბავშვის საჭიროებებზე მორგებული გარემოს უზრუნველყოფას და
  • მათი მეორეული ვიქტიმიზაციისგან დაცვას.

მისი განცხადებით, სახელმწიფოს არ გააჩნია კონკრეტულად სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული სერვისები. ხოლო რაც არსებობს, ისინი მკვეთრად შეუსაბამოა ქვეყანაში არსებულ საჭიროებასთან.

უფრო კონკრეტულად, აი, რა ხდება:

  • საქართველოს კანონმდებლობა არ შეესაბამება გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის, ლანზაროტის კონვენციის, სტამბოლის კონვენციისა და ადამიანის უფლებათა სხვა ინსტრუმენტების მოთხოვნებს გაუპატიურებისა და სხვა სახის სექსუალური ძალადობის შესახებ.
  • მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სახელმწიფო ისევ არ იყენებს ბავშვზე მორგებულ მიდგომებ და არასრულწლოვნების დაცვაზე ორიენტირებულ მექანიზმებს.
  • ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეებზე მომუშავე სპეციალისტების, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების ნაკლებობა და მსხვერპლი ბავშვის რეაბილიტაციაზე ორიენტირებული სერვისების სიმცირე ასევე აფერხებს ბავშვის ინტერესების სრულფასოვნად დაცვას.
  • საგანგაშოა ბრალდებულის დაცვის მხარის/ადვოკატების მიერ სასამართლო სხდომაზე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნის დაკითხვის მეთოდოლოგია, მიმართვის ფორმები და დასმული კითხვები, რომლებიც ასევე ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვას და მათ ხელმეორედ აგდებს მსხვერპლის როლში.
  • ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია საზოგადოებაში არსებული სტიგმა და დისკრიმინაციული დამოკიდებულებები - ეს ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების შეტყობინების რიცხვს ან ამცირებს, ან დაგვიანებული მიმართვიანობის საფუძველი ხდება.

და ეს მოუგვარებელი პრობლემების მხოლოდ ერთი, მცირე ნაწილია.

ეს დასკვნები 2018-2019 წლებში ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციის დანაშაულებზე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის 119 დადგენილებას, სისხლის სამართლის 52 საქმის სრულ მასალებსა და სპეციალისტების ინტერვიუირების ანალიზის შედეგებს ეყრდნობა.

შესწავლილი საქმეებიდან:

  • 5-ზე დადგა გამამართლებელი განაჩენი,
  • ერთ საქმეზე – ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი, ერთი საქმე გადაკვალიფიცირდა,
  • ხოლო 5 საქმე შეწყდა ბრალდებულის შერაცხადობის არქონის საფუძველზე.

დანარჩენ 39 საქმეზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, რომელთაგანაც 11 იყო საპროცესო შეთანხმება.

ამ საქმეებიდან 19 – სააპელაციო სასამართლოში, ხოლო 10 უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდა, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოს მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება შეიცვალა.

საქართველოს გენერალური პროკურატურიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან და საქართველოს უზენაესი სასამართლოდან მიიღეს პასუხი, რომ 2018-2019 წლებში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სისხლის სამართლის კოდექსის 253-254 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე გამოძიება არ დაწყებულა, გამოძიება/სისხლისსამართლებრივი დევნა არ შეწყვეტილა და სასამართლოს განაჩენი არ დამდგარა.

სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ ასევე, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევების აღრიცხვის და შესაბამისი სტატისტიკის წარმოების მექანიზმი. ამიტომ ვერ დგინდება, ბავშვზე სექსუალური ძალადობის ზუსტად რამდენი შემთხვევის შესახებ შევიდა შეტყობინება სამართალდამცავ ორგანოში და რამდენ საქმეზე დაიწყო გამოძიება.

როგორც წესი, ფორმალური ხასიათისაა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნის გამოკითხვისას და სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების დასწრება.

სექსუალური ძალადობის საქმეებზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, კადრებისა და შესაბამისი აღჭურვილობის სიმცირის გამო, მხოლოდ თბილისში ტარდება, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

სახელმწიფოს არ გააჩნია კონკრეტულად სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვნებზე ორიენტირებული სერვისები - გრძელვადიან სარეაბილიტაციო ღონისძიებებზე ლაპარაკიც არ არის.

კვლევის ავტორები ერთ რეგიონში მხოლოდ ერთი ფსიქოლოგის კადრის არსებობას საგანგაშოდ დაბალ მაჩვენებლად მიიჩნევენ - ისე კი, სახელმწიფო ზრუნვის ბაზაზე, ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ 13 ფსიქოლოგის კადრი არსებობს.

საქართველოს კანონმდებლობა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების საწინააღმდეგოდ, არ ახდენს არასრულწლოვნისგან „სექსის ყიდვის“ კრიმინალიზებას და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ადგენს პროსტიტუციაში ჩართული არასრულწლოვნისთვისაც.

სამართალდამცავ უწყებებსა და სასამართლო შენობებში, ერთეული გამონაკლისების გარდა, არ არის შექმნილი არასრულწლოვანზე მორგებული გარემო - საუბარი ზედმეტია სათანადოდ მოწყობილ ოთახზე, სადაც უცხო პირების გარეშე იქნებოდა შესაძლებელი მათთან გასაუბრება და ა.შ.

ხარვეზების ჩამონათვალი იმდენად გრძელია, რომ რეკომენდაციების ადრესატი არის თითქმის ყველა უწყება, ვისაც მსგავსი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრება.

ასევე ნახეთ პედოფილებს უფრო მკაცრად დასჯიან - არის კი ეს საკმარისი პრობლემის გადასაჭრელად?

რა არის შესაცვლელი საქართველოს კანონებში - ერთი მაგალითი

აი, მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსი გაუპატიურებად განსაზღვრავს პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევას სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილს ძალადობით, ძალადობის მუქარით ან და ზარალებულის უმწეობის გამოყენებით (სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).

დამამძიმებელ გარემოებად განსაზღვრულია ქმედების ჩადენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის გ ქვეპუნქტი), ასევე, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით (სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის დ ქვეპუნქტი).

ორივე შემთხვევაში სასჯელად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

მაგრამ ამ მუხლის ფორმულირება არასრულწლოვნებთან მიმართებით პრობლემურია. კოდექსის 137-ე მუხლის დამამძიმებელი გარემოება ითვალისწინებს არასრულწლოვნის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას არასრულწლოვნის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით. თუმცა ეს ქმედება გაუპატიურებად მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩადენილია ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.

კვლევის ავტორები კი მიიჩნევენ, რომ არასრულწლოვნის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა, თუ იგი ჩადენილია ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით, დამოუკიდებლად უნდა იძლეოდეს გაუპატიურების შემადგენლობას და მისი წინაპირობა არ უნდა იყოს ძალადობა, ძალადობის მუქარა ან უმწეობა.

ასევე ნახეთ როგორ ვასწავლოთ ბავშვებს სექსუალური ძალადობის ამოცნობა?

დაზარალებული ბავშვი - სასამართლოზე

სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვს სასამართლო პროცესისათვის ამზადებს და მის საჭიროებებს განსაზღვრავს პროკურორი, რომელსაც მუშაობის პროცესში რამდენიმე პროფესიული როლის შესრულება უწევს – ის არის პროკურორიც, სოციალური მუშაკიც, ფსიქოლოგიც (აფასებს განვითარების დონეს, ცხოვრების, აღზრდისა და განვითარების პირობებს, განათლებას, ჯანმრთელობის მდგომარეობას, ოჯახურ ვითარებას და სხვა გარემოებებს).

არის კი საკმარისი ამ როლების მოსარგებად 5-დღიანი ტრენინგკურსი, რომელსაც პროკურორები გადიან?

ხშირი პრაქტიკაა ისიც, რომ ბრალდების მხარე დანაშაულის გახსნაზე მეტად არის ორიენტირებული, ვიდრე ბავშვის ინტერესების დაცვაზე. ფიქრობენ, რომ დანაშაულის გახსნა უკავშირდება ბავშვის საუკეთესო ინტერესს. მაგრამ ყველას ავიწყდება, რომ ბავშვის რამდენჯერმე გამოკითხვა, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას დაშვებული შეცდომები, ექსპერტიზის წარმოების წესი, ხშირად სცდება ბავშვის საუკეთესო ინტერესს და მის ტრავმირებას იწვევს.

ერთ-ერთი რესპონდენტი სასამართლო პროცესისთვის ბავშვის მომზადების პროცესს ასე აღწერს:

„პროცესის წინა მომზადებისას ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ პროკურორი ცდილობდა, დაეზეპირებინა ბავშვს ჩვენება. ის ამას დამნაშავის დასჯის საჭიროებით ხსნიდა, რომელსაც ბავშვის საუკეთესო ინტერესად მიიჩნევდა. ამ ბავშვს რამდენჯერმე მოუწია ამ ინფორმაციის გამეორება, ერთ-ერთ შემთხვევაზე ბავშვმა ისიც კი თქვა, კიდევ რატომ არ მეკითხებით მომხდარის შესახებო. გამოკითხვისას ხშირად ხდებოდა მისი შექება და ამით წახალისებულმა იკითხა კიდევ მომაყოლეთ ამის შესახებო. მიმაჩნდა, რომ ბავშვი ამას ვერ ხვდებოდა, მაგრამ მეორეული ვიქტიმიზაციისკენ მიდიოდა პროცესი, მაგრამ პროკურორმა ეს საჭიროდ ჩათვალა დამნაშავის დასჯის მიზნით“.

ერთ-ერთი საქმის მასალებში, სადაც მასწავლებლის მხრიდან გარყვნილი ქმედების მსხვერპლის ჩვენება დევს, ჩანს, თუ როგორ დაუპირისპირდა მას მთელი თემი, როგორ იყო ის ზეწოლის ქვეშ სკოლის დირექტორის, ნათესავების, მეზობლების მხრიდან: „ძალიან შემაშინეს, რომ ვერ დავამტკიცებდი სიმართლეს“. დაზარალებულის ჩვენებიდან ირკვევა, რომ მან ორჯერ სცადა თვითმკვლელობა თავის გარემოსთან ასეთი დაპირისპირებისა და უსამართლობის განცდის გამო:

„მერე დავფიქრდი, ხალხი იტყოდა, რომ გოგომ თავი მოიკლა, ე.ი. თვითონ იყო დამნაშავეო, ამიტომ ვიფიქრე, რომ ამით უფრო დავაზარალებთ ჩემს ოჯახს“.

აი, ამ დაზარალებული მოზარდის დაბნევას ცდილობს დაცვის მხარის ადვოკატი ჯვარედინი დაკითხვის დასაწყისში:

დაცვის მხარე: – პირველი გამოკითხვის ოქმში ამბობ, რომ გაკვეთილის მერე დამტოვაო, ასეა?

დაზარალებული: – კი.

დაცვის მხარე: – მეორე გამოკითხვის ოქმში კი ამბობ, რომ დამიბარა და გაკვეთილის დაწყებამდეო, ასეა?

დაზარალებული: – ეს ერთი და იგივე არაა? სანამ ბოლო გაკვეთილი იქნებოდა, იქამდე მთხოვა ავსულიყავი მასთან გაკვეთილების შემდეგ.

ამ დაზუსტებისა და განმარტების მიუხედავად, დაცვის მხარე იმავე შეკითხვას რამდენჯერმე იმეორებს და წყვეტს მხოლოდ მაშინ, როცა ამის შესახებ მოსამართლე მიუთითებს.

ადვოკატის დასმულ შეკითხვაში არის მცდელობა, დაზარალებული შეიყვანოს სამართლებრივ მსჯელობაში: „დირექტორი ცდილობდა, რომ დაემალა ფაქტები, არა? ის მეზობლებთან მიდიოდა და მათ თხოვდა არ ელაპარაკათ, ასეა? ანუ, ის დანაშაულს ფარავდა?“

მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანი ცდილობდა, ესაუბრა ფაქტებზე და არ შეეფასებინა დირექტორის ქცევა, ადვოკატმა ეს შეკითხვა რამდენჯერმე გაუმეორა.

სხდომის მსვლელობისას დაზარალებულს რამდენჯერმე გაუჩნდა განცდა, რომ დაცვის მხარის ადვოკატი მას დასცინოდა („ესე იგი ყველა დადუმდა სოფელში, ასეა? თქვენ ხართ სიმართლის მღაღადებელი და ყველა დადუმდა?“).

დაცვის მხარის ამგვარი დამოკიდებულება, როგორც ჩანაწერიდან ჩანს, მძაფრ რეაქციას იწვევს არასრულწლოვანში, მას ხმა უკანკალებს, ტირილს აპირებს, აკეთებს პაუზას, ვერ ახერხებს საუბრის გაგრძელებას.

სახალხო დამცველის ანგარიშში წერია, რომ დღეს საქართველოში არ არსებობს რაიმე სახელმძღვანელო პრინციპი, თუ როგორ უნდა იმოქმედოს სისტემამ სხვადასხვა ეტაპზე, თუ გამოკითხვის ან საგამოძიებო პროცედურების წარმოების დროს ბავშვის ემოციური მდგომარეობა მწვავდება. სისტემას არ აქვს ასეთი სახის კრიზისის მართვის რაიმე სქემა და გამწვავების შემთხვევაში სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება უხდებათ.

სხდომის ოქმებში იკვეთება შემთხვევებიც, სადაც დაცვის მხარის ადვოკატი მორალური წნეხის ქვეშ აქცევს ბავშვს, სვამს შეკითხვას, რითაც ააქტიურებს მასში ბრალეულობისა და სირცხვილის განცდას, რაც ზოგადად წარმოადგენს რეტრავმატიზაციისა და ბავშვის ემოციური მდგომარეობის გართულების მაღალ რისკფაქტორს, რადგან მსხვერპლის ფსიქოლოგიური ბუნებიდან გამომდინარე, ამ ტიპის ტრავმისათვის თავისთავად დამახასიათებელია ძლიერი ბრალეულობისა და სირცხვილის განცდა.

თქვენდაუნებურად ტყუილებს ამბობთ?

არ გიცდია, რომ დაგეყვირა? – მამის მხრიდან გაუპატიურების ფაქტზე სასამართლო სხდომისას დაცვის მხარის კითხვა, რომელმაც ძალიან ააღელვა, აატირა დაზარალებული.

იმავე საქმის განხილვა – „ზნეობრივი ცხოვრებისკენ თუ მოგიწოდებდათ მამათქვენი?“ – მამის მხრიდან გაუპატიურების ფაქტზე დაკითხვისას დაზარალებულის მიმართ ხშირად იყო მითითება „ზნეობრივ ცხოვრებასთან“ და მასთან დაკავშირებით, რომ არასრულწლოვანს ჰყავდა სექსუალური პარტნიორები.

იმავე საქმის განხილვა – „თქვენ არ ხართ მარტო ამ სტრესულ გარემოში, ჩვენც ეგეთ სიტუაციაში ვიმყოფებით და ამიტომ, აქ ვფიქრობ, რომ სიმორცხვე უკვე რაღაც მეორე პლანზეა გადასული“ – დაცვის მხარის ადვოკატის პასუხი არასრულწლოვანს, რომელსაც პასუხის გაცემა არ უნდოდა, რადგან საკითხი „ძალიან პირადული“ იყო.

იმავე საქმის განხილვა – ცით თუ არა, რომ დედათქვენი ცხოვრობს გარყვნილი ცხოვრებით და არის, ასე ვთქვათ, მეძავი?“ - დაცვის მხარის კითხვა დაზარალებულთან.

Your browser doesn’t support HTML5

მოძალადეებისგან დაუცველი ბავშვები

დანაშაული რიცხვებში - რას ამბობს სტატისტიკა

2018-2019 წლებში გამოძიება დაიწყო არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ძალადობის 611 საქმეზე.

სისხლისსამართლებრივი დევნა წარმოებდა 368 პირის წინააღმდეგ.

ამავე პერიოდში საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ამ მუხლებით განხილულია 169 საქმე. მათგან 157 საქმეზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, 3 საქმეზე – გამამართლებელი განაჩენი, 2 საქმე გადაკვალიფიცირდა, 6 საქმე შეწყდა, ხოლო 1 საქმეზე გამოტანილია ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი.

საქართველოს სააპელაციო სასამართლოებმა სულ განიხილეს 36 საქმე, ხოლო უზენაესმა სასამართლომ – 10 სისხლის სამართლის საქმე, რომელთაგან 1 საქმეზე მიიღო განსხვავებული გადაწყვეტილება, ხოლო 9 საქმე დაუშვებლად ცნო.

2018-2019 წლებში სისხლის სამართლის კოდექსის 253-254-ე (პროსტიტუციაში ჩაბბა, ხელშეწყობა) მუხლებით დაკვალიფიცირებულ საქმეზე არ იძებნება განაჩენი, გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა. ამ მუხლებით დაკვალიფიცირებულ საქმეებზე არასრულწლოვნისთვის დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებიათ.

რეკომენდაციები პარლამენტს, მთავრობას, სასამართლოს

სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს სთხოვს:

სტამბოლის კონვენციისა და ადამიანის უფლებათა სხვა ინსტრუმენტების მოთხოვნებზე დაყრდნობით, შეიცვალოს სექსუალური ძალადობის დანაშაულების დეფინიციები სისხლის სამართლის კოდექსში და ისინი დაემყაროს მსხვერპლის თავისუფალი და ნებაყოფლობითი თანხმობის არსებობას, რაც უნდა შეფასდეს გარემომცველი გარემოებების გათვალისწინებით.

არასრულწლოვნებთან მიმართებით, შევიდეს ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე და 138-ე მუხლებში, რათა არასრულწლოვნის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, თუ იგი ჩადენილია ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით, დამოუკიდებლად იძლეოდეს ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების შემადგენლობას და ქმედების წინაპირობა არ უნდა იყოს ძალადობა, ძალადობის მუქარა ან უმწეობა;

გაუქმდეს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლი და მისი ინტეგრირება მოხდეს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე და 138-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშულებში, რადგან 139-ე მუხლი წარმოადგენს გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ტოლფას დანაშაულს;

სისხლის სამართლის კოდექსში მოხდეს არასრულწლოვნისგან „სექსის ყიდვის“ კრიმინალიზება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, პროსტიტუციაში ჩართული არასრულწლოვნის მიმართ, გაუქმდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

ასევე ნახეთ როცა ბავშვი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია - რას შვრება მშობელი, ექიმი, პოლიცია

მიმართავს საქართველოს მთავრობას:

განისაზღვროს უწყება, რომელსაც დაეკისრება სოციალურ მუშაკთა კვალიფიკაციის უწყვეტ ამაღლებასა და გადამზადებაზე პასუხისმგებლობა;

დამტკიცდეს სოციალურ მუშაკთა გადამზადების სპეციალური მოდული, მათ შორის, ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობისა და ექსპლუატაციის დანაშაულებთან მიმართებით;

სამართალდამცავი უწყების ყველა ტერიტორიულ ერთეულში გამოიყოს უშუალოდ არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე განყოფილებები და მოხდეს მათი შესაბამისი სპეციალისტებით უზრუნველყოფა;

შეიქმნას პროტოკოლი და სახელმძღვანელო პრინციპები, პროცედურები და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სტანდარტიზებული მეთოდოლოგია, რომლითაც მოხდება მოწმე-დაზარალებული არასრულწლოვნის ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული შეფასება. მოხდეს ექსპერტ-ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების ამ კუთხით სპეციალიზაცია, რომლის საფუძველზეც მიენიჭება უფლებამოსილება, მსგავსი კვლევა ჩაატაროს არასრულწლოვან პირებთან;

მოხდეს ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის კონცეფციის (ე.წ. ბარნაჰუსის მოდულის) დროული და ეფექტიანი იმპლემენტაცია და შეიქმნას ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე ორიენტირებული ცენტრი, რომელიც მულტიდისციპლინურ და უწყებათაშორის კოორდინირებულ თანამშრომლობაზე დაფუძნებული პრინციპით უზრუნველყოფს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას და ა.შ.

არაერთი რეკომენდაცია მიემართება ასევე შსს-ს, პროკურატურას, სასამართლოს, ექსპერტიზის ბიუროს, იუსტიციისა და განათლების სამინისტროებს.