მხიარული კონცერტი, ასფალტი სოფლებს და სკვერები ქალაქებს - არის ეს ის, რაც ხალხს სურს?

ყველა თვითმმართველი ქალაქის და სათემო მუნიციპალიტეტის ფეისბუკგვერდზე ამ ბოლო დროს დღეში ერთ მოასფალტებულ ქუჩას, მოხრეშილ გზას, შეღებილ ფასადს, გზაზე გამომდგარ ტრაქტორს და მის გარშემო შემოხვეულ ადგილობრივ ჩინოვნიკებსა თუ რომელიღაც სოფელში გაყვანილ წყლის მილებს აუცილებლად წააწყდებით.

წინასაარჩევნოდ რეგიონებში დიდი აქტიურობაა - სოციალურ ქსელში ასე ჩანს და დაწვრილებით იწერება, რომელი პროექტი რა დაჯდა, რამდენი დახარჯა სახელმწიფომ ამა თუ იმ ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად.

ასევე ნახეთ პრემიერი არჩევნების წინა ხაზზე

ინფორმაციას მეტი დამაჯერებლობისთვის ფოტომასალაც ახლავს. ხოლო პოსტების ქვეშ ერთმანეთს ენაცვლება მადლიერი და პირიქით, უკმაყოფილო ადგილობრივების კომენტარები.

პროექტების ნაწილი იმ დიდი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სრულდება, რომელიც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ 2021 წლის გაზაფხულზე დააანონსა და მას „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამა უწოდა - ეს პროგრამა, როგორც ცნობილია, 4-წლიანია და მისი პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია.

წინასაარჩევნოდ დაწყებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების დიდი ნაწილი ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და მუნიციპალიტეტების სოციალური მედიის გვერდებზე აქტიურად პიარდება.

  • სად რას აკეთებენ და შეესაბამება თუ არა ეს პროექტები ხალხის მოთხოვნებსა და სურვილებს?
  • პრიორიტეტები სწორად არის დალაგებული?
  • ხალხი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულია?
  • გასაკეთებელ საქმეს ადგილობრივი თვითმმართველობები წყვეტენ თუ ყველაფერს ცენტრალური ხელისუფლება კარნახობს?

ეს მხოლოდ რამდენიმე კითხვაა, რომელიც მუნიციპალიტეტების სოციალურ მედიაზე თვალის ერთი გადავლებით ჩნდება.

მაგრამ ჯობს, ვნახოთ, ვინ, სად, რას აკეთებს.

აი, მაგალითად, ამბროლაურის მაგალითი:

სოფელ გორში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელებულა და ცემენტი-ბეტონის საფარი 1500 კვ/მ ფართობზე მოუწყვიათ. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდმა დააფინანსა 136 792 ლარით. სამუშაოები სექტემბერში უნდა დასრულდეს.

„განახლებული რეგიონების“ ფარგლებში სამი ახალი, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანიც მოუწყვიათ - შიგნით ამბროლაურში, სოფელ ხიმშსა და სოფელ ურავში.

ონში, სოფელ ცხმორში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია დასრულებულა და 8220,34 ლარი დამჯდარა.

წინასაარჩევნოდ აქტუალურია ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხი. ეს გზა 2021 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს და მისი ღირებულება 111 165 310 ლარია. ონის მერია მშენებლობის ადგილიდან ახალ ფოტოებს გვიზიარებს.

ლენტეხში ბეტონის საყრდენი კედლისა და გაბიონების მოსაწყობად გამოუყვიათ 721 825 ლარი - საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მუნიციპალიტეტის მერიისათვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ცაგერის მუნიციპალიტეტის გვერდზე ხვამლის მთამდე მისასვლელი ახალი საავტომობილო გზის ფოტოებს ვაწყდებით.

აბაშაში, ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულში, აგრობაზარი გახნილა.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა იქაც აქტიურად მიდის - ილიასა და დავით აღმაშენებლის სახელობის გზებს უკვე ჩაუტარდა რეაბილიტაცია და ახლა ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება რუსთაველის ქუჩაზე და აკაკის ქუჩის პირველ და მეორე შესახვევებში უნდა დაიწყოს.

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხერთვისში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ და ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით საცალფეხო ხიდის რეაბილიტაცია გრძელდება, რომელიც, თურმე, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, საერთო კრებაზე ხმათა უმრავლესობით შეირჩა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტატანისში ამბულატორიის შენობას არემონტებენ.

სოფელ ურაველში კი სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ეს სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 355 600 ლარით ფინანსდება.

ახმეტაშიც აქტიურად აგებენ ასფალტს. ნინოშვილის ქუჩის მოასფალტება 226 543 ლარი ჯდება.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევში მდინარე კორისწყალზე არსებული ხიდი უნდა გააახლონ, რომელიც 2020 წლის აგვისტოში ჩანგრეულა. ხიდის აღდგენა 416 562 ლარი ჯდება და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტში სასმელი წყლის რეზერვუარისა და საქლორატოროს მოწყობა მიმდინარეობს. სახელმწიფოს ეს საქმე 114 114 ლარი დაჯდება.

გარდაბანში კულტურისა და დასვენების პარკში „მხიარული კონცერტი“ გამართულა, რომლის მხარდამჭერიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო იყო.

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც გზების საწმენდი სამუშაოები მიდის, რომლის ღირებულება 50 ათასი ლარია.

გორში წინასაარჩევნოდ სარწყავი სისტემაც ამოქმედდა - ამ ეტაპზე, ცენტრალურ მოედანსა და გოგებაშვილის ქუჩაზე არსებული გაზონებისთვის. სულ გორში სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნით, 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 477 627 ლარი გამოიყო.

გურჯაანში, სოფელ კარდენახში, ე.წ. ხევისუბნის ტერიტორიაზე, სპორტულ დარბაზს აშენებენ - თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული დარბაზის ასაშენებლად, 291 950 ლარი დაიხარჯება. ამ დარბაზის მოწყობას ადგილობრივი ახალგაზრდები, თურმე, დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ და აი, საარჩევნოდ ისიც მზად იქნება.

დედოფლისწყაროში პრემიერის ინიციატივის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში დედოფლისწყაროს ცენტრალურ მოედანზე არსებული მრავალბინიანი კორპუსის რეაბილიტაცია დაიგეგმა:

დმანისის სოფელ ლოქჭანდარში კი რიტუალების სახლის მშენებლობა დასრულდა. ეს პროექტი სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 316 702 ლარს შეადგენს.

ზესტაფონში, კერამიკის მწარმოებელ მხარეში, სოფელ შროშაში, სოფელ საწაბლის გზის რეაბილიტაციის პროცესი მიდის.

რეგიონული განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული ამ პროექტის ღირებულება 820 598 ლარია.

ზუგდიდში ახალი 500 ნაგვის ურნები განთავსდება.

რუსთავში ისევ და ისევ „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, მეგობრობის გამზირის სრული განახლებაა დაგეგმილი, თეთრიწყაროში კი - თამარ მეფის ქუჩის ცენტრალური ნაწილის და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული პარკის რეაბილიტაცია.

თელავშიც აქტიურობენ - სოფელ აკურაში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიდის. აქ 300 მეტრი სიგრძის ასფალტის საფარი უნდა დაიგოს და სანიაღვრო არხი მოეწყოს. ეს ყველაფერი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 284 979 ლარით ფინანსდება.

თერჯოლაში ორ მცირეკონტინგენტიან სკოლას აშენებენ. კერძოდ, საზანოსა და ჩხარში.

ლაგოდეხის სოფელ პატარაგორში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მალე დასრულდება. მოედანზე დამონტაჟდება საფეხბურთო კარი, ბადით და შემოიღობება ლითონის კონსტრუქციით. პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა, მისი ღირებულება 25 250.28 ლარს შეადგენს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში კი რკინა-ბეტონის სანიაღვრო არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ღირებულება 17 522 ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებში, 131 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე სანიაღვრო არხები და მოსახლეობის ჭიშკრებთან ლითონის ცხაურები მოეწყობა.

ტყიბულში ქალაქის იერსახის მოწესრიგება გადაუწყვეტიათ და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებს ღებავენ. ფასადების რეაბილიტაცია 962 806 ლარი დაჯდება.

ქედაშიც საავტომობილო გზებზეა აქცენტი წინასაარჩევნოდ. წელს იქ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაციისთვის 10 616 000 ლარი დაიხარჯება.

ჭიათურა უბრალოდ აი, ასე ლამაზდება.

ხოლო დარკვეთი-მოხოროთუბნის დამაკავშირებელი გზის 4.5-კილომეტრიანი მონაკვეთი სრულად მოასფალტებულია.

ხონში 2022 წელს აი, ეს უნდა დაგვხვდეს:

და ა.შ. და ა.შ. მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ამსახველი ფოტოამბები ამ გვერდზეც იყრის ხოლმე თავს.

ერთი შეხედვით, არც გზის დაგებაშია რაიმე ცუდი და არც სკვერის მოწყობაში, მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობების ეს აქტივობები, რომლებიც ქვეყნის ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხშირად არაერთ კითხვას აჩენს.

Your browser doesn’t support HTML5

5 სკამი და 2 ტრენაჟორი მზიანეთში

მაგალითად, რაჭის სათემო ორგანიზაციის წევრი ეთო არსანიძე ჩივის იმაზე, რომ არასოდეს, ქალაქისთვის არც ერთი მნიშვნელოვანი პროექტი არ განიხილება საჯაროდ და ყველაფერს პოსტფაქტუმ იგებენ, როცა პროექტიც დამტკიცებულია და სამუშაოებიც დაწყებული. ასე იყო, მაგალითად, კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციის დროს, სადაც შავი ლითონის ჯებირები დაამონტაჟეს, რამაც ბევრ ამბროლაურელს გაუცრუა იმედი და სასაფლაოს ცხაურებიც კი გაახსენა.

კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც ეთო არსანიძე გამუდმებით ლაპარაკობს და რადიო თავისუფლებასთან ამჯერადაც ახსენებს, არის პრიორიტეტების დალაგების საკითხი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას:

„აი, მაგალითად, რაიონში, რომლიც სოფლის მოსახლეობასაც მუდმივად აქვს სასმელი და ისე წყლის პრობლემა, იქ რატომ უნდა იყოს რომელიმე გამოსაჩენი ქუჩის რეაბილიტაცია მეტად პრიორიტეტული?“ - კითხულობს ეთო არსანიძე და შენიშნავს, რომ ამბროლაურშიც, როგორც ძალიან ბევრ სხვა მუნიციპალიტეტშიც, ხშირად გზებიც კი მხოლოდ გამოსაჩენ ადგილებში კეთდება, თუმცა საკმარისია მთავარ ქუჩას მოშორდე, რომ პირველივე ორმოში ჩავარდები.

თვითმმართველობის მკვლევარი მაგდა პოპიაშვილი, რომელიც წლებია ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობას სწავლობს და სოცმედიაში მათი ოფიცილაური გვერდების მონიტორინგსაც აკეთებს, გვეუბნება, რომ ძალიან ხშირად, ის პროექტები, რომლითაც ასე ამაყობენ თვითმმართველობის წარმომადგენლები, არ არის მორგებული იმ საჭიროებებზე, რაც რეალურად იქ მცხოვრებ ხალხს აქვს.

ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნოდ მერიების ფეისბუკგვერდები მიმდინარე პროექტების ამსახველი ფოტოებითა და ინფორმაციით იხუნძლება, შემთხვევითი, ცხადია, არ არის.

ეს არის ცენტრალური ხელისუფლებიდან წამოსული პირდაპირი დავალება, რომ ყოველი დახარჯული თეთრის შესახებ ინფორმაცია გავრცელდეს სოციალურ ქსელში. ოღონდ, როგორც მაგდა პოპიაშვილი შენიშნავს, რეალურად, ეს არის არა ანგარიშის ჩაბარება ხალხისადმი, ბიუჯეტის თანხები როგორ დაიხარჯა, არამედ თავის მოწონება, რამდენად ბევრ და დიდ საქმეს აკეთებენ.

სათემო მუნიციპალიტეტები საქართველოში

უმთავრეს პრობლემად თვითმმართველობის მკვლევარი მიიჩნევს იმას, რომ თანხა, რომლითაც წესრიგდება თვითმმართველობებში ინფრასტრუქტურა, ცენტრალური ბიუჯეტის ფულია, რადგან მუნიციპალიტეტი საკუთარი დაფინანსებით ვერაფერს აკეთებს, ამიტომ ისიც ემორჩილება ცენტრალური ხელისუფლების სურვილს, ეს საქმეები გააპიაროს. თუმცა ინფორმაციის გავრცელება ამ სახით აქ ნაკლები პრობლემაა, ამბობს მაგდა პოპიაშვილი, ვიდრე ის, რომ თვითმმართველობა ამ პროექტების დაგეგმვის დროსაც ვერ ყოჩაღობს და ამიტომ, ხშირად არის ხოლმე აცდენილი ადგილობრივების წინაშე მდგარი სურვილები და გამოწვევები და ის პროექტები, რომლებიც წინასაარჩევნოდ ხორციელდება.

„აი, მაგალითად, მთელ საქართველოში ჩვენ გვაქვს სოფელში წყლის პრობლემა და ასე იქნება მუდმივად, რადგან ეს საკითხიც ცენტრალიზებულია. გაერთიანებული წყალმომაგების კომპანია კი არის შესული მუნიციპალიტეტების უმეტეს ნაწილში, მაგრამ არა სოფლის დონეზე, ამიტომ სოფლის წყალი არავის მოეკითხება“.

თუ მუნიციპალიტეტი ცენტრის მიერ დაგეგმილ პროექტებზე არ ილაპარაკებს, მომავალ წელს, დიდი შანსია, რომ მან ის დაფინანსებაც ვერ მიიღოს, რაც მანამდე ჰქონდა.

მაგდა პოპიაშვილი

მაგდა პოპიაშვილს კითხვები აქვს პრემიერის ინიციატივით წამოწყებულ რეგიონების განვითარების პროგრამასთანაც, რომელიც, მისი აზრით, ასევე სცდება ხალხის სურვილსა და, რაც მთავარია - რეგიონების რეალური განვითარების იდეასაც. მას ბათუმის მაგალითი მოჰყავს, სადაც ცოტა ხნის წინ, სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში, ე.წ. გმირთა ხეივნის გამწვანება დაიწყეს.

„არანაირი ღირებულება ამ პროექტს ბათუმის რეალურად განვითარებისთვის არ ექნება. ისევე როგორც არაფერს შეცვლის გორში შენობების ფასადის შეღებვა - ეს არ ნიშნავს რეალურ განვითარებას“, - ამბობს მაგდა.

ამ ყველაფრის სათავე კი არის ის, გვეუბნება მაგდა პოპიაშვილი, რომ მუნიციპალიტეტები საკუთარი ფულით ვერაფერს აკეთებენ, რეალურად არ არსებობს მუნიციპალური განვითარების სტრატეგიები, ეს პროექტები კი არ მიჰყვება გრძელვადიანი დაგეგმარების გზას:

„სულ ამ დღეში ვართ, რომ პროექტი კეთდება პროექტისთვის და არასოდეს ვიცით, ხუთი წლის შემდეგ ის რა შედეგს მოუტანს კონკრეტულ მუნიციპალიტეტს... მაგრამ ყოველთვის კარგად ჩანს, როგორ დაიგო გზა. ამიტომაც მუნიციპალიტეტსაც ყოველთვის ურჩევნია, აკეთოს ასეთი თვალსაჩინო პროექტები, მაგრამ არა ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებისკენ მიმართული საქმეები", - უთხრა მაგდა პოპიაშვილმა რადიო თავისუფლებას.