პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაციის შესახებ ილაპარაკა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილთან კომუნიკაცია ბოლოს მიმდინარე წლის იანვარში ჰქონდათ.
„იანვარში, ამ ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მას სურდა სრული დისტანცირება პოლიტიკისგან. როდესაც წინა შემთხვევაში, პოლიტიკიდან პირველად გასვლის შემთხვევაში მან გააკეთა თავისი პოლიტიკური განცხადება, მაშინ აღნიშნა, რომ კონსულტაციებით გუნდს დაეხმარებოდა. როდესაც მეორედ გააკეთა განცხადება, მან თქვა, რომ არავითარი ფორმით, მათ შორის, არც კონსულტაციების ფორმით არ იქნებოდა ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. შესაბამისად, პასუხი არის უმარტივესი, ეს პასუხი გაგეცით გუშინ, გუშინწინაც, იმის წინაც. ბოლო კომუნიკაცია ჩვენ, ბიძინა ივანიშვილთან გვქონდა იანვარში, იქიდან გამომდინარე, რომ მან პოლიტიკური პროცესები იანვარში დატოვა. განა არ პასუხობს, არ ვურეკავთ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო მისი სურვილი. არ გვაქვს კომუნიკაცია“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება 11 იანვარს მეორედ მიიღო და ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც მედიაზე, ოპოზიციასა და "ქართული ოცნების" მიღწევებზე საუბრობს.
ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 2012 წლის აპრილში შექმნა. იმავე წლის ოქტომბრის არჩევნებში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ხელისუფლებაში მოვიდა.
2012-2013 წლებში ბიძინა ივანიშვილი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2013 ნოემბერში განაცხადა, რომ პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში მიდიოდა. ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შესახებ მუდმივი განცხადებების ფონზე, პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა 2018 წელს და ისევ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გახდა.