ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში მიემგზავრება

ფოტო არქივიდან: ირაკლი ღარიბაშვილის და ილჰამ ალიევის შეხვედრა ბაქოში. 2021 წლის მაისი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მიემგზავრება ბაქოში, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება. გასულ ღამით, ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში ღარიბაშვილმა თქვა, რომ უახლოეს ხანში სომხეთშიც ჩავა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პრეზიდენტ ალიევს დიდ პატივს სცემს და ძალიან კარგი ურთიერთობები აქვთ:

„ნდობა გვაქვს რაც მთავარია, და როცა ქვეყნებსა და ლიდერებს შორის ნდობა არსებობს, იქ ყველა საკითხი შესაბამისად გადაწყდება. ასეთივე ურთიერთობა მაქვს ბატონ ფაშინიანთან, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ თბილისში იმყოფებოდა და მეც ვაპირებ უახლოეს მომავალში სომხეთში ჩასვლას“.

ასევე ნახეთ

ნიკოლ ფაშინიანი: ერთმანეთის მხარდაჭერა ის ფორმულაა, რაც ჩვენ ხელს შეგვიწყობს რისკების მართვაში

პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის თქმით, მისი სურვილია, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის რამდენიმე თვის წინ დაწყებულ ნდობის აღდგენის პროცესში სასარგებლო წვლილი საქართველომაც შეიტანოს:

"30 წლის განმავლობაში, ჩვენ პირველად, ჩემი მედიაციით და ამერიკელი პარტნიორების და მეგობრების ჩართულობით ერთად შევძელით წარმატებული პრეცედენტის შექმნა, როცა საქართველომ მედიაცია განახორციელა ჩვენს მოძმე, მეზობელ ქვეყნებთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან და ურთიერთთანამშრომლობის და მედიაციის ეს წარმატებული მაგალითი შედგა. ეს ფაქტი ფართოდ აღიარებული და მოწონებული იქნა ამერიკის მთავრობისა და ევროკავშირის მხრიდან. ყველას მხრიდან ჩვენ გვქონდა მხოლოდ მოწონება და სწორედ მათი მხრიდან არის წახალისებული პირად საუბრებში, თუ საჯაროდ აღნიშნული ინიციატივის ბოლომდე მიყვანა".

ასევე ნახეთ

საქართველოსა და აშშ-ის ჩართულობით აზერბაიჯანმა სომხეთის 15 დაკავებული მოქალაქე გაათავისუფლა - მთავრობა

ასევე ნახეთ

ერდოანის თქმით, შეხვედრის შესახებ ფაშინიანის თხოვნა ღარიბაშვილმა გადასცა

2020 წლის ნოემბერში, რუსეთის შუამავლობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს მთიან ყარაბაღში სექტემბრიდან განახლებული ინტენსიური საომარი მოქმედებების შეწყვეტის და იქ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის განთავსების შეთანხმებას. ამ დოკუმენტით, აზერბაიჯანს დაუბრუნდა 90-იან წლებში დაკარგული არაერთი რაიონი.

ასევე ნახეთ

აზერბაიჯანმა სომხეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოში შეიტანა საპასუხო სარჩელი