ხატია დეკანოიძე: სააკაშვილის ბრალს არ აღიარებს არც ერთი ქვეყანა, რუსეთის და საქართველოს ხელისუფლების გარდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა. მედიასთან საუბარში ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ამ განცხადების ფონზე ეჭვი აღარაა, რომ საქმე ეხება პოლიტიკურ მართლმსაჯულებას.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, ის მოინახულებს მიხეილ სააკაშვილს, როგორც თავის მეგობარს.

„წუხელ გვიან ღამით დავბრუნდი იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილთან მქონდეს, ჩემს მეგობართან შეხვედრა. მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და ის განცხადებები, რაც გააკეთა გუშინ, მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილმა, პირველი - მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური მართლმსაჯულების წინაშე წარმდგარი, იმიტომ რომ იგი პოლიტიკურად აქტიური ადამიანია, და მეორე, პირდაპირ ვციტირებ, თუ არ დაწყნარდება სააკაშვილის ენმ - „ნაციონალური მოძრაობა“, მაშინ კიდევ დავუმატებთ მუხლებს. ეს მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჩვენ თავზე დაგვასვა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, არ მომერიდება ამ სიტყვის თქმა, ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია მართლმსაჯულების წარმოდგენის სივრცე და სახელმწიფოებრივი წარმოდგენა. მიხეილ სააკაშვილის ბრალს არ აღიარებს არც ერთი ქვეყანა, რუსეთის და საქართველოს ხელისუფლების გარდა, ამიტომ, რა თქმა უნდა, მისი გადაწყვეტილება იყო, რომ დაბრუნებულიყო საქართველოში, მისი გადაწყვეტილება იყო, რომ მონაწილეობა მიეღო ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში და მისი გადაწყვეტილება იყო, რომ ყოფილიყო საქართველოს მოსახლეობასთან ერთად“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისი განმარტებით, „წარმოუდგენელია, ღარიბაშვილის განცხადების ფონზე საერთოდ ოდნავ მაინც ეჭვი შევიტანოთ ჩვენ მიხეილ სააკაშვილის საქმეების პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე“.

ამასთან, მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება იმის თაობაზე, რომ ის მუდმივად ზრუნავს თავისი ქვეყნის მოქალაქეებზე, „მიუთითებს იმაზე, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ისინი იმას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის საჯარო მოხელე, მაღალი თანამდებობის პირი, უკრაინის მოქალაქე არის დღეს უკანონო პატიმრობაში და იმყოფება იგი საპყრობილეში ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ასევე ნახეთ ხერხეულიძე: მარტივი არ იქნება, რისკის ფასად შემოსული სააკაშვილი უკრაინაში გავატანოთ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ არავითარი შეკითხვა მართლმსაჯულება წინაშე სააკაშვილის წარდგენასთან დაკავშირებით არ იქნება, და ეს მოხდება უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუს ბოლოს თქვა. ღარიბაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სრულად მოიხდის სასჯელს, 6 წელს. პრემიერმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რადგან მან წერტილი დაუსვა შეწყალების თემას.

„წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ მუხლებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე ნახეთ პრემიერი: სააკაშვილი ან უნდა დაგვეჭირა, ან წასულიყო პოლიტიკიდან

1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღის პირველ ნახევარში, საგანგებო ბრიფინგზე აცხადებდა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია. საღამოს კი, ასევე საგანგებო ბრიფინგზე, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

ასევე ნახეთ კიდევ 2 პირი დააკავეს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე
ასევე ნახეთ ბექა ბასილაია: დღევანდელი პროკურატურა გამოიყურება როგორც ხუნტის პროკურატურა

დღეს გახდა ცნობილი, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის დაფარვის ფაქტზე დაკავებულია კიდევ ორი პირი. ამის შესახებ ინფორმაცია მედიას პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ მიაწოდა - გამოძიება დაკავებულებს სავარაუდოდ დანაშაულის დამალვას ედავება.

ასევე შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეს 2 ოქტომბერს დაკავებულ ელგუჯა ცომაიასაც, რომლის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. ელგუჯა ცომაია არის იმ ბინის მეპატრონე, სადაც საქართველოში ფარულად შემოსვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა - პროკურატურა თვლის, რომ მან იცოდა ის, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო ბრალდებული მძიმე დანაშაულებებში, მასზე ხორციელდებოდა ძებნა და ამის მიუხედავად პოლიციას მასზე არ შეატყობინა.