"დღეს იხილება ელგუჯა ცომაიას საქმე, ეს არის პატრიოტი, პატიოსანი ადამიანი, რომელსაც არ აქვს არანაირი პოლიტიკური აფილაცია, ეს არის ადამიანი, რომელმაც დევნილი პირი შეიფარა, დევნილი მესამე პრეზიდენტი. დღევანდელი პროკურატურა გამოიყურება როგორც ხუნტის პროკურატურა, რომელიც დასდევდა კვირაიას და გიორგაძის თამადობით ზვიად გამსახურდიას, რომელიც იყო საქართველოში შემოსული. დღეს ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ უნდა უზრუნველვყოთ, რომ არ განმეორდეს ის შეცდომები, რაც 90-იან წლებში დავუშვით", - უთხრა მედიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულ ელგუჯა ცომაიას ინტერესებს იცავს. ელგუჯა ცომაია 2 ოქტომბერს დააკავეს, მას ბრალი პროკურატურამ დანაშაულის დაფარვისთვის წარუდგინა. სწორედ მის სახლში იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ფარულად შემოსვლის შემდეგ. პროკურორი ცომაიასთვის ბრალის დამძიმების შესაძლებლობაზე საუბრობს, ადვოკატი კი თვლის, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ისეთი "დანაშაულისთვის" აქვს წარდგენილი, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსი არ ცნობს.
"ეს არის აბსურდული ბრალი. დანაშაულის დაფარვა არ გულისხმობს ძებნილი პირის საკუთარ სახლში შეფარებას. ძებნილი პირის საკუთარ სახლში შეფარება დასჯადი არ არის. პროკურატურის ფანტაზიას და ამ აღვირახსნილი დევნის წარმოებას შეიძლება საზღვარი არ ქონდეს. პროკურორი ამბობს, რაზეც გვინდა, იმაზე დაგიჭერთო", - თქვა ბექა ბასილაიამ ელგუჯა ცომაიას სასამართლო სხდომის დაწყების წინ. ამ სხდომაზე სასამართლომ მისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს. პროკურატურა ელგუჯა ცომაიასთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს.
1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია. მოგვიანებით მან ვიდეოებიც გამოაქვეყნა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დღის პირველ ნახევარში, საგანგებო ბრიფინგზე აცხადებდა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია. საღამოს კი, ასევე საგანგებო ბრიფინგზე, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.