ზურაბ ჯაფარიძე: რევოლუცია თავისთავად არაფერ ცუდს არ ნიშნავს

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში ილაპარაკა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაზე, რომელიც ეხებოდა რევოლუციისკენ მოწოდებებს.

„არამგონია ეს განცხადება ვინმეს სერიოზულად აღექვა. მე რაც ვნახე, ბევრ „გირჩელს“ პირიქით, კამპანია აქვთ წამოწყებული სწორედ სოციალურ ქსელებში და რევოლუციას აანონსებენ და ა.შ. ბუნებრივად მიიღეს პასუხი, რა პასუხიც ეკუთვნის ასეთ არასერიოზულ განცხადებას. რევოლუცია თავისთავად არაფერ ცუდს არ ნიშნავს. ჩვენ გვყავს დღეს უზურპატორი ხელისუფლება, რომელიც ცდილობს ადამიანებს დააჯეროს, რომ არჩევნების გზით ამ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა გახდა შეუძლებელი, უბრალოდ, ამისი არავის არ სჯერა. საბოლოო ჯამში მშვიდობიანად ჩვენ ვაიძულებთ მათ, რომ ქვეყანა მივიდეს რიგგარეშე არჩევნებამდე და ამის შემდეგ ეს ხელისუფლება წავა დასასვენებლად“, - თქვა ჯაფარიძემ.

პარლამენტის წევრის განცხადებით, ხელისუფლების შესაცვლელად შესაძლებელია ნებისმიერი მშვიდობიანი ფორმის გამოყენება.

„ამ სისტემას ან ემორჩილები, თავს უხრი და, მაშინ ხარ მონა, ან თუ ხარ მოქალაქე და გაქვს თავმოყვარეობა, მაშინ ყველაფერს აკეთებ იმისათვის, რომ ესენი მოიშორო ხელისუფლებიდან. იმიტომ, რომ მათი არ არის ეს ხელისუფლება, მათ ამის ლეგიტიმაცია არ აქვთ. ამისთვის შეგიძლია გამოიყენო, ჩემი აზრით, ნებისმიერი მშვიდობიანი ფორმა“, - მიიჩნევს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

სახელმწფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ სოციალური ქსელებითა თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მოქალაქეთა ნაწილი ისეთი ტიპის ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უწყება რევოლუციისკენ მოწოდებად აღიქვამს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ მსგავსი მოწოდება შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაული იყოს, რომელიც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ასევე ნახეთ სუს-ი: მოქალაქეები განზრახ თუ გაუცნობიერებლად პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისკენ