პოლონეთის თანახმად, ბელარუსის საზღვარზე დააკავა რუსეთის მოქალაქე

პოლონეთს ჯერ არ შეუტყობინებია მოსკოვისთვის რუსეთის მოქალაქის დაკავების შესახებ, რომელიც ბელარუსის საზღვარზე არალეგალური მიგრანტების დახმარებაშია ეჭვმიტანილი.

ამის შესახებ ვარშავაში რუსეთის საელჩოს პრესმდივანმა, ვლადიმირ ალექსანდროვმა განაცხადა. მან ასევე თქვა, რომ რუსეთსა და პოლონეთს შორის არსებული საკონსულო კონვენციის თანახმად, პოლონეთის მხარეს შეტყობინებისთვის სამი დღე აქვს.

ოთხშაბათს პოლონეთის სასაზღვრო დაცვა იტყობინებოდა, რომ პოლონეთის საზღვარზე არალეგალური მიგრანტების დახმარებისთვის დააკავეს სამი ადამიანი, მათ შორის ნახსენები იყო რუსეთის მოქალაქეც.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ 9 ნოემბერს სეიმში გამოსვლისას განაცხადა, რომ მიგრანტებთან დაკავშირებული ამჟამინდელი კრიზისის მამოძრავებელი ძალა მოსკოვშია. მორავეცკის თქმით, ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა მხოლოდ შემსრულებელია ამოცანებისა, რომლებსაც მას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უყენებს.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ამის შემდეგ მორავეცკის სიტყვებს მიუღებელი უწოდა. მან ასევე თქვა, რომ პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხე იზრდება, ევროპა კი უკან იხევს მის მიერ დეკლარირებული ვალდებულებებისგან.

ბელარუსისა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის საზღვარზე მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისი 8 ნოემბერს გამწვავდა. ათასობით მიგრანტი, რომელიც აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან არის, ბელარუსის მხრიდან მიუახლოვდა პოლონეთის საზღვარს. ზოგიერთი შეეცადა, გაენადგურებინა სასაზღვრო ხერგილები, გაერღვია საზღვარი და პოლონეთის ტერიტორიაზე მოხვედრილიყო. სამშაბათს ღამით მიგრანტთა ორმა დიდმა ჯგუფმა მოახერხა პოლონეთის ტერიტორიაზე შეღწევა, მაგრამ ისინი დააკავეს. ამის თაობაზე განცხადება გააკეთა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა.

ბალტიის ქვეყნები და ევროკავშირის ხელმძღვანელობა ლუკაშენკას რეჟიმს ბრალს სდებენ მიგრანტების ნაკადის გამიზნულ ორგანიზებაში და ამას „ჰიბრიდულ აგრესიას“ უწოდებენ. მათი თქმით, ლუკაშენკა ამგვარად ცდილობს შურისძიებას დასავლეთის სანქციებისთვის, რომლებიც მას და მის გარემოცვას დაუწესეს ბელარუსში შარშან აგვისტოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

ასევე ნახეთ „თავდასხმა“ საზღვარზე და ევროკავშირის პასუხი ბელარუსს
ასევე ნახეთ ბელარუსში ასობით მიგრანტი მიემართება პოლონეთის საზღვრისკენ