Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში ასობით მიგრანტი მიემართება პოლონეთის საზღვრისკენ


დასავლეთ ბელარუსში პოლონეთის საზღვრისკენ მიემართება ხალხის დიდი ჯგუფი, სავარაუდოდ - მიგრანტები ახლო აღმოსავლეთიდან.

სასაზღვრო-გამშვები პუნქტისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე მოძრავი 200-ზე მეტი ადამიანის ვიდეო ორშაბათს გავრცელდა სოციალურ ქსელებში. მასში ჩანს, რომ მიგრანტებს, რომელთაგან ბევრს ბარგი უჭირავს, თან ახლავან სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები.

ზოგიერთი მონაცემით, ვიდეოში არ მოხვდა ყველა მიგრანტი, რომელიც საზღვრისკენ მიემართება. სავარაუდოდ მათი რიცხვი ათასს აჭარბებს. გამოქვეყნდა ვიდეო, რომელზე ნაჩვენები ჯგუფიც ტყე-ტყე მიემართება სავარაუდოდ საზღვრისკენ.

ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის დაცვის კომიტეტში დაადასტურეს ინფორმაცია მიგრანტების კოლონის შესახებ. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არის „სასოწარკვეთილების ნაბიჯი“, რისკენაც ლტოლვილებს „უბიძგა პოლონეთის ხელისუფლების გულგრილობამ და არაადამიანურმა დამოკიდებულებამ“. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „პოლონეთის საზღვრისპირა დაცვა არაერთხელ იტყობინებოდა იმის შესახებ, რომ ათასობით მიგრანტი გამოდევნა ბელარუსის საზღვრისკენ“. უწყების თანახმად, ბელარუსის ხელისუფლება იღებს ზომებს, რათა უზრუნველყოს „ავტომაგისტრალზე მოძრავი ადამიანების უსაფრთხოება“.

ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე ვითარება უკვე რამდენიმე თვეა დაძაბული რჩება დიდი რაოდენობით მიგრანტების მოზღვავების გამო, რომლებიც ევროკავშირში შესვლას ცდილობენ. მხოლოდ უკანასკნელ დღე-ღამეში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის 222 მცდელობა დაფიქსირდა. პოლონეთის ხელისუფლება და ბელარუსის მოსაზღვრე ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები, ასევე თავად ევროკავშირი, მინსკს ბრალს სდებენ საზღვარზე კრიზისის ორგანიზებაში. აცხადებენ, რომ ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმი მის წინააღმდეგ შემოღებული სანქციებისთვის შურის საძიებლად უწევს ორგანიზებას მიგრანტების ჩამოყვანას, ძირითადად ერაყიდან. ბელარუსში მათ ეხმარებიან პოლონეთის საზღვრამდე მისვლაში, რის შემდეგაც ბელარუსის მესაზღვრეები მათ საზღვრის გადაკვეთაში უწევენ დახმარებას. თავის მხრივ, ბელარუსის ხელისუფლება პოლონეთსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებს „არაადამიანურობაში“ სდებს ბრალს ლტოლვილებთან მოპყრობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG