ამირან გამყრელიძე Pfizer-ის ბუსტერ-დოზით აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე აცრა გაიკეთა. ის თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში Pfizer-ის ვაქცინით აცრეს.

"სპეციალურად გავიკეთე "პფაიზერი", ბევრი მოარული ჭორია, რომ ქვეყანაში არსებულ "პფაიზერს" გაუვიდა ვადა", - თქვა მან.

ასევე ნახეთ 10 ნოემბრიდან საქართველოში შესაძლებელი იქნება ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთება

მანვე აღნიშნა, რომ თუ ეს ვაქცინა იმ ნორმების დაცვით ინახება, რომელიც კომპანიის მიერ არის განსაზღვრული, ანუ -60-დან -90 გრადუს ტემპერატურაზე, მისი გამოყენება არა 6 თვის, არამედ 9 თვის განმავლობაში შეიძლება. გალღობის შემდეგ ვაქცინა ვარგისია 30 დღის განმავლობაში, თუ ის "ჩვეულებრივ მაცივარში" ინახება.

გამყრელიძის თქმით, საქართველოს Pfizer-ის ვაქცინის 900 ათასამდე დოზა აქვს, საიდანაც უდიდეს ნაწილს - 700 ათას დოზას ვადა აქვს მარტის ბოლომდე, ხოლო დარჩენილ 200 ათას დოზას იანვარ-თებერვალში გასდის ვადა.

11 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 2 025 471 აცრა. აქედან სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 061 509 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 37,4 %. სრულად ვაქცინირებულია 959 701 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33,6%.

ასევე ნახეთ საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 4400-ზე მეტ ადამიანს, 77 გარდაიცვალა