ლომჯარია: ხელისუფლებას ჰქონდა მოლოდინი, რომ სტრასბურგი სააკაშვილის გადაყვანას მოითხოვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლებას ჰქონდა მოლოდინი, რომ სტრასბურგის სასამართლო მისი უწყების მიერ შეკრებილი ექსპერტების დასკვნას გაიზიარებდა. ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი სტრასბურგის სასამართლოს 19 ნოემბრის წერილსა და იმ დღეს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის გლდანის პენიტენციური დაწესებულების სამკურნალო სივრციდან გორის მრავალპროფილურ ჰოსპიტალში გადაყვანის საკითხს.

"მტკიცებულებები არ მაქვს და არ ვიცი, როდის მიიღო ხელისუფლებამ ოფიციალური დოკუმენტი სტრასბურგის სასამართლოსგან, თუმცა ვვარაუდობ, რომ მათ იცოდნენ, სტრასბურგის სასამართლო ემზადებოდა დროებითი ღონისძიების გამოსაცემად. სააკაშვილის ადვოკატებს წარდგენილი ჰქონდათ სახალხო დამცველის ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნა, შესაბამისად, მაღალი ალბათობაა იმისა, რომ მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ იცოდნენ, სასამართლო დაეყრდნობოდა ექსპერტების დასკვნას", - თქვა სახალხო დამცველმა.

დღეს, 23 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის კომენტარი, რომელშიც ის ამბობს, რომ 19 ნოემბერს მას შემდეგ მიიღეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს წერილი, რაც პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობა შესთავაზეს.

ასევე ნახეთ იუსტიცია: სტრასბურგის წერილი სააკაშვილისთვის გადაყვანის შეთავაზების შემდეგ მივიღეთ

"სტრასბურგის სასამართლოდან აღნიშნული წერილი მივიღეთ 19 ნოემბერს, საღამოს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგი ჩაატარა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის მიზნით, სააკაშვილს (რომელიც არ ასრულებდა სტრასბურგის სასამართლოს დაჟინებულ მოწოდებას) გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა",- აღნიშნავს მინისტრის მოადგილე.

ასევე ნახეთ იუსტიციის მინისტრი სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს

სტრასბურგის სასამართლოს 19 ნოემბრის წერილის შესახებ მედიისთვის ცნობილი რამდენიმე საათის წინ გახდა, მას შემდეგ, რაც დოკუმენტი სახალხო დამცველმა გაასაჯაროვა.

ასევე ნახეთ ლომჯარია აქვეყნებს სტრასბურგის სასამართლოს ახალი დროებითი ღონისძიების დოკუმენტს სააკაშვილისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების გაწევაზე

ამ ახალი წერილით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა (ამ შემთხვევაში განმცხადებელმა) დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, ხოლო მთავრობამ მას უნდა გაუწიოს, ახალ, შეცვლილ სამედიცინო გარემოებებზე დაყრდნობით, ადეკვატური სამედიცინო დახმარება, რომელიც გაითვალისწინებს 17 ნოემბრის სამედიცინო შეფასებას.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს გლდანის პენიტენციური დაწესებულების სამკურნალო სივრციდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ 19 ნოემბერს 15:00 საათზე შესთავაზა. მინისტრმა რამდენიმე პირობა დაასახელა, მათ შორის იყო შიმშილობის შეწყვეტა და კლინიკასთან აქციების გამართვაზე უარი. სააკაშვილი ამ შეთავაზებას დასთანხმდა.

ასევე ნახეთ სააკაშვილი: დავთანხმდი ჩემ მიერ აშენებულ გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო, ჩემ მიერვე აშენებული ავტობანით

ექსპრეზიდენტის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა მისაღები იყო სახალხო დამცველისთვისაც, რომლის ეგიდითაც რამდენიმე დღით ადრე ექსპერტთა ჯგუფი შეიქმნა და ჯგუფის წევრებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ციხის საავადმყოფო შეამოწმეს. დასკვნის მიხედვით, სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკული იყო და ის მრავალპროფილურ კლინიკაში უნდა გადაეყვანათ.

ასევე ნახეთ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია - ექსპერტთა ჯგუფმა დასკვნა გამოაქვეყნა
ასევე ნახეთ ლომჯარიას თქმით, მთავარი რეკომენდაციაა გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში მკურნალობა

19 ნოემბრამდე ხელისუფლება აცხადებდა, რომ სააკაშვილს არ გადაიყვანდნენ არსად, რადგან ციხის საავადმყოფოში მისი მკურნალობა შესაძლებელი იყო. სააკაშვილი ციხის საავადმყოფოდან გადასვლას შიმშილობის შეწყვეტის აუცილებელ პირობად ასახელებდა.

ასევე ნახეთ გვარამია: სააკაშვილი მზადაა შიმშილობა შეწყვიტოს, თუ მისი პირობა შესრულდება

სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექსპერტთა ჯგუფის 17 ნოემბრის დასკვნა პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასეს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დოკუმენტს ყალბი ("ფეიკი") დასკვნაც უწოდა.

ასევე ნახეთ კობახიძე ლომჯარიას მოსალოდნელ შესაძლო პასუხისმგებლობაზე საუბრობს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც საქართველოს სასამართლომ სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალებისთვის და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის ეპიზოდზე პატიმრობა მიუსაჯა, ქვეყანაში სექტემბრის ბოლო დღეებში დაბრუნდა. ის პოლიციამ თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავა და რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანა.
​სააკაშვილმა, სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით, დაკავების მომენტიდან შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში მისი პირადი ექიმი, ოჯახის წევრები, ადვოკატები და რიგითი მოქალაქეები, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან არიდების მიზნით, მის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ. ხელისუფლება ამბობდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანდნენ გლდანის სამედიცინო პენიტენციურ დასებულებაში. ასეც მოიქცა ხელისუფლება 8 ნოემბერს და ის გლდანის მე-18 დაწესებულებაში მოათავსა. 50-დღიანი შიმშილობისა და ხელისუფლების ხანგრძლივი უარის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს ღამით გადაიყვანეს.