შესაძლოა შემცირდეს აცრიდან ე.წ. ბუსტერ დოზამდე დაწესებული დროის მონაკვეთი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, იმუნიზაციის საბჭოს 2 დეკემბრისთვის უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, შემცირდება თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრიდან ბუსტერ-დოზის გაკეთებამდე არსებული დროის მონაკვეთი. გაბუნიას თქმით, განიხილება სინოფარმი-სინოვაკის შემთხვევაში დროის ინტერვალის 6 თვიდან 3 თვემდე შემცირება, სხვა ვაქცინების შემთხვევაში, შესაძლოა ინტერვალი 6 თვიდან 5 თვემდე შემცირდეს.

"ბევრმა ქვეყანამ მას შემდეგ, რაც გაჩნდა ინფორმაცია ახალი შტამის შესახებ, გადახედა ბუსტერ დოზამდე ინტერვალს და შეამცირა ინტერვალი ზოგიერთ შემთხვევაში 6 თვიდან 5 თვემდე, ზოგიერთ შემთხვევაში 6 თვიდან 4 თვემდე. Sinopharm-ისა და Sinovac-ის შემთხვევაში ეს არის 3 თვე. ჩვენც ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მნიშვნელოვანია და ველოდებით ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას, რაც ხვალისთვის უკვე მზად იქნება ამ საკითხზე", - განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნიამ აღნიშნა ისიც, რომ ბუსტერ-დოზებთან დაკავშირებით საზოგადოების მხრიდან მაღალი აქტივობა არ შეინიშნება.

ბუსტერ დოზების გაკეთება დასაშვები გახდა საქართველოში 10 ნოემბრიდან.

ასევე ნახეთ საქართველოში მილიონს გადააჭარბა სრულად ვაქცინირებულთა რიცხვმა

საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს დაიწყო. დღემდე გაკეთებულია 2 183 335 აცრა. სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 165 835 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 41%. სრულად ვაქცინირებულია - 1 001 801, რაც მოზრდილი მოსახლეობის 35.1%-ია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის 1 იანვრისთვის საქართველოს მოსახლეობა 3 728 000-ს აჭარბებდა.

ასევე ნახეთ 51 757 აცრა 200-ლარიანი დანამატის სანაცვლოდ - როგორ მუშაობს მთავრობის წამახალისებელი პროგრამა?