Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მილიონს გადააჭარბა სრულად ვაქცინირებულთა რიცხვმა


საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 30 ნოემბერს, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 11 999 ადამიანი.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. დღემდე გაკეთებულია 2 183 335 აცრა. სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 165 835 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 41%. სრულად ვაქცინირებულია - 1 001 801, რაც მოზრდილი მოსახლეობის 35.1%-ია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის 1 იანვრისთვის საქართველოს მოსახლეობა 3 728 000-ს აჭარბებდა.

ოქტომბრიდან მკვეთრად შემცირებულმა აცრის მაჩვენებელმა შედარებით მოიმატა ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ დაიწყო 60 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებითვის, პირველი დოზით აცრის შემდეგ 200-ლარიანი დანამატის გადახდა.

პირველ ეტაპზე, იმუნიზაციის მიზნის მისაღწევად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევდნენ წლის ბოლომდე, მოზრდილი მოსახლეობის სულ მცირე 60%-ის აცრას. თუმცა, მოგვიანებით ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ რამდენჯერმე განაცხადა, რომ კორონავირუსის უფრო რთული და გადამდები "დელტა" ვარიანტის მასობრივად გავრცელების გამო, ეპიდემიის შესაჩერებლად საჭირო იყო სულ მცირე 80%-ის ვაქცინაცია.

10 ნოემბრიდან საქართველოში, კოვიდის საწინააღმდეგო "ფაიზერის" ვაქცინით აცრა შეუძლიათ 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებს. 10 ნოემბრიდან ქვეყანაში შესაძლებელია ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთებაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG