სოციოლოგი, თსუ-ს პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის დასაძლევად ინკლუზიური პროცესის წამოწყების შესახებ პოზიტიურია, თუმცა არსებობს ბევრი რისკი იმისა, რომ იგი წარმატებულ პროექტად ვერ იქცეს. გადაცემაში იაგო კაჭკაჭიშვილმა თქვა, რომ რეალურია რისკი იმისა, რომ განცხადება ჰაერში გასროლილ დაპირებად ან ფრაზებად დარჩეს:
„სამწუხაროდ, პოსტსაბჭოთა საქართველოს ისტორია გვაჩვენებს, რომ მოლაპარაკებები, რომლებიც იმართება როგორც პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, ასევე სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის, ნაკლებად მიდის რაიმე მნიშვნელოვან შეთანხმებამდე, რომელიც რეალობას ცვლის, ვთქვათ, სტაგნაციურ რეალობას ცვლის. პრინციპში ის, რაც საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, მთლად ახალი ხილი არ არის. იგივე შარლ მიშელის შეთანხმება სხვა არაფერი იყო, თუ არა მცდელობა თანამშრომლობის, მოლაპარაკების, შეთანხმების ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე. თავისთავად ის პროცესი, რასაც კოჰაბიტაციის პროცესი ჰქვია, ასევე დაფუძნებული უნდა ყოფილიყო კონსენსუსზე, შეთანხმებაზე, მოლაპარაკებაზე და ასე შემდეგ, მაგრამ ცუდი ისაა, რომ თვით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ხელმძღვანელობით წარმართული შეთანხმება და მოლაპარაკება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო მოვლენაა მართლაც საქართველოს უახლეს ისტორიაში და რამდენადაც მე წავიკითხე და მოვისმინე ამ ტიპის პრეცედენტი სულ მცირე აღმოსავლეთ ევროპის და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ისტორიაში არ არსებობს, როდესაც თავად ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ყოფილიყო ჩართული მოლაპარაკებებში და რა მოხდა?! საბოლოო ჯამში ამ მოლაპარაკებას მთლად ნულოვანი ეფექტი ჰქონდა-თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, რაიმე ხელშესახები შედეგი არ მოუტანია. ამდენად, მე ყოველგვარი ეჭვი მაქვს საიმისოდ, რომ ცოტა სკეპტიკურად ვიყო განწყობილი ამ ტიპის მოლაპარაკებების მიმართ, თუმცა საჭიროება ამის ნამდვილად არსებობს“, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა „დილის საუბრებში“. გადაცემაში მან თქვა, რომ ქართული საზოგადოება „გაჭედილია“ უპრეცედენტო პოლარიზაციაში და პოლიტიკური კულტურის დაბალ დონეს აჩვენებს, რაც ეხებათ როგორც პოლიტიკურ აქტორებს, ისე მათ მხარდამჭერ სოციალურ, საზოგადოებრივ ჯგუფებს:
„რამოდენიმე ინდიკატორის მოტანა შეიძლება საიმისოდ, რომ საზოგადოება თვითონ, თავად არ არის მზად. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს არსებობს ეს დაკვეთა და ეს მზაობა საზოგადოებაში, მაინც როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, მოლაპარაკებები იშლება, ყოველ შემთხვევაში შეთანხმება არ დგება. სულ ბოლო ფაქტს გაგახსენებთ - როდის მოხსნეს ჯანდაცვის მინისტრი ტიკარაძე თანამდებობიდან? მოხსნეს მაშინ, როდესაც მან სულ მცირე ნაბიჯი გადადგა კონსენსუსისკენ, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ შეხვდა ეგრეთ წოდებული ალტერნატიული კონსილიუმის წევრებს [მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად შექმნილი ალტერნატიული კონსილიუმი]. და ტიკარაძეს ასეთი კონსენსუსისკენ გადადგმული ნაბიჯი ხელისუფლებამ არ აპატია. თვით "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით ნიკა მელიას განცხადებები მოვისმინოთ. მან არაერთხელ განაცხადა იმის შესახებ, რომ გარკვეულ ჯგუფებს "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით ის კიდევ უფრო მეტად ეზიზღებათ, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი. რატომ ? იმიტომ, რომ ნიკა მელიას ჰქონდა მცდელობა განსხვავებული პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის და მიუღებელ კამპანიაზე უარის თქმის“, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა „დილის საუბრებში“. მისი შეფასებით, საზოგადოებაში ამბივალენტური მდგომარეობაა, როცა, ერთი მხრივ, თითქოს არსებობს დაკვეთა იმაზე, რომ მოლაპარაკებები შედგეს, თუმცა, მეორე მხრივ, არავის სურს რადიკალიზმის დათმობა და რადიკალიზმთან შელევა.
დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის ინიციატივით გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით მიმართვისას პირობა დადო, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, „საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ“.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილმა მიმართა ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტსეროვნული შერიგების აუცილებლობაზე განცხადებები გააკეთა საქართველოს მესამე პრეზიდენტმაც, პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა. სალომე ზურაბიშვილის განცხადების საპასუხოდ, კერძოდ, მან თქვა, რომ მხარს უჭერს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ გაჟღერებულ წინადადებას სამი პრეზიდენტის შეხვედრის თაობაზე.