სააკაშვილი: ჩემზე არ ინერვიულოთ! ახლა მთავარია ერთიანობა

მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ მოკლე წერილს აქვეყნებს.

„რაც არ უნდა ჩაიდინონ, საერთოდ არ მეშინია ამათი. პირიქით, ჩემი ბრძოლის ხალისი და გამარჯვების რწმენა იზრდება.

ჩემზე არ ინერვიულოთ! ახლა მთავარია ერთიანობა და გადამწყვეტი შეტევისთვის მომზადება. ამ შეტევის დროც სულ მალე დადგება.

მე რაც შემეხება, სულ მალე მოვიშუშებ გორის "რეაბილიტაციისას" მიღებულ ტრავმებს და კიდევ უფრო დიდი ენერგიით ჩავდგები მწყობრში, თუმცა ახლაც ძალიან მხნედ და ოპტიმისტურად ვარ!", - ნათქვამია სააკაშვილის წერილში.

ასევე ნახეთ ბოკუჩავას თქმით, სააკაშვილი ბრძოლის გაგრძელების შესახებ ხედვას რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს
ასევე ნახეთ გვარამია სააკაშვილზე: ეს კაცი აქ იმყოფება ყალბი დიაგნოზით

მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს ღამის საათებში გადაიყვანეს. პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის გადაყვანა რამდენიმე საათის შემდეგ, მხოლოდ დილით დაადასტურა.

ასევე ნახეთ პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი №12 დაწესებულებაშია

ექსპრეზიდენტის გარემოცვაში არ გამორიცხავენ, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას განაახლებს. იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძისთვის 28 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ სააკაშვილი შიმშილობას გააგრძელებს, ბრეგაძემ უპასუხა, რომ არსებული სტანდარტით, რომელიც ყველაზე ვრცელდება, ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში, პატიმარი გადაჰყავთ გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში და მიხეილ სააკაშვილსაც იქ გადაიყვანენ, რადგან გამონაკლისი არავინაა.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. დაპატიმრების დღიდან სააკაშვილს ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ, შემდეგ კი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 20 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვიტა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანა.