რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს შეხვდა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა. როგორც მან აღნიშნა, ექსპრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, მხნედ არის.
ბოკუჩავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ღელავს და სოლიდარობას უცხადებს მოშიმშილეებს, რომლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შიმშილობენ.
„სულ რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება წერილი, რომლითაც ის [მიხეილ სააკაშვილი] მიმართავს მოშიმშილეებს და პარტიას და წარმოადგენს საკუთარ ხედვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ის არის ძალიან მხნედ, ის ამბობს, ამ ბრძოლას აუცილებლად მიიყვანს ბოლომდე, გამარჯვებამდე და მხოლოდ გამარჯვებული გამოვა ამ დაწესებულებიდან“, - განაცხადა დეპუტატმა.
მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს, ღამის საათებში გადაიყვანეს. პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის გადაყვანა რამდენიმე საათის შემდეგ, მხოლოდ დილით დაადასტურა.
ექსპრეზიდენტის გარემოცვაში არ გამორიცხავენ, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას განაახლებს. იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძისთვის 28 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ სააკაშვილი შიმშილობას გააგრძელებს, ბრეგაძემ უპასუხა, რომ არსებული სტანდარტით, რომელიც ყველაზე ვრცელდება, ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში, პატიმარი გადაჰყავთ გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში და მიხეილ სააკაშვილსაც იქ გადაიყვანენ, რადგან გამონაკლისი არავინაა.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. დაპატიმრების დღიდან სააკაშვილს ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ, შემდეგ კი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 20 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვიტა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანა.
დაწერეთ კომენტარი