WHO: ერთ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 15 მილიონზე მეტი ადამიანი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) მონაცემებით, ერთ კვირაში(3-9 იანვარი) მსოფლიოში აღირიცხა COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსით ინფიცირების 15 154 666 შემთხვევა, რაც წინა კვირასთან შედარებით 55%-ით მეტია. კვირის განმავლობაში, მსოფლიოში COVID-19-ით გარდაიცვალა 43 461 ადამიანი. წინა 7-დღიან პერიოდთან შედარებით, ლეტალობის მაჩვენებელი 3%-ითაა გაზრდილი.

WHO-ს თანახმად, მსოფლიოს რეგიონების მიხედვით, გარდაცვალების შემთხვევები ყველაზე მეტად, 84%-ით გაიზარდა აფრიკაში და 26%-ით ამერიკაში. სხვა რეგიონებში ლეტალობის მაჩვენებელი შემცირებული იყო.

ამასთან, ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა ყველგან, გარდა აფრიკისა(-11%). ერთ კვირაში, წინა შვიდ დღესთან შედარებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების 418%-იანი მატება იყო სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, 122%-იანი მატება წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, 86%-იანი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, 78%-იანი ზრდა ამერიკაში და 31%-იანი ევროპაში.

ასევე ნახეთ ამირან გამყრელიძე: "ომიკრონით" 600-ზე მეტი ინფიცირებულიდან ჰოსპიტალიზაცია 11-ს დასჭირდა

ბოლო ხანს, მსოფლიოში აქტიურად ცირკულირებს კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი, რომელსაც სხვა სახეობებთან შედარებით ყველაზე სწრაფი გავრცელება ახასიათებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის "დელტა" სახეობასთან შედარებით "ომიკრონი" ნაკლებად მძიმეა, განსაკუთრებით ვაქცინირებულებისთვის, ეს არ ნიშნავს, რომ მსუბუქის სტატუსი უნდა მიენიჭოს. ორგანიზაციის თანახმად, წინა ვარიანტების მსგავსად, "ომიკრონი" იწვევს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილს.