Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: "ომიკრონით" 600-ზე მეტი ინფიცირებულიდან ჰოსპიტალიზაცია 11-ს დასჭირდა


საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში ძლიერდება კორონავირუსის “ომიკრონ“ შტამის ცირკულაცია.

დღეს, 11 იანვარს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ „ომიკრონის“ ლაბორატორიულად გამოვლენილი შემთხვევების ანალიზის საფუძველზე ჩამოყალიბდნენ, რომ ქვეყანაში ამ შტამის „დღევანდელი ცირკულაციის პროცენტი ყველა დადებით შემთხვევაში, არის დაახლოებით 45%-ის ფარგლებში.“ თბილისში ეს მაჩვენებელი 60%-ია, ხოლო რეგიონებში - 30%.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ლუგარის ლაბორატორიაში ამ დროისთვის დადასტურებული „ომიკრონის“ 951 შემთხვევიდან დეტალურად შეისწავლეს 621 ადამიანის მონაცემები. კვლევის თანახმად:

  • "ომიკრონით" ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 33 წელია;
  • 71 ბავშვი და მოზარდია;
  • 5 წლამდე ასაკისაა 13;
  • 83% საქართველოს მოქალაქეა, დანარჩენი უცხო ქვეყნების მოქალაქეები;
  • საქართველოს მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა ვირუსი უცხოეთიდან შემოიტანა, განსაკუთრებით არაბეთის გაერთიანებული საამიროდან;
  • 621 ინფიცირებულიდან 11-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, უპირატესად თანმხლები დაავადებების გამო. ამასთან, არცერთს არ დასჭირდა რენიმაცია, ან ინტენსიური თერაპია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თანახმად, ჯერჯერობით, საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირებულებში დაავადება „დელტასთან“ შედარებით, ძირითადად, მსუბუქად მიმდინარეობს:

„მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს, იმიტომ, რომ პროგნოზირების ინსტიტუტის ბოლო მონაცემებით, ჩვენ შეიძლება პიკში შევიდეთ სადღაც, თებერვლის პირველ დეკადაში და შეიძლება იყოს დღიურად 60 ათასამდე შემთხვევა, რომლიდანაც ლაბორატორიულად გამოვლინდება დაახლოებით 20-30%. ანუ, სადღაც შეიძლება დღიურად გვქონდეს 15 ათასამდე შემთხვევის დატვირთვა“.

ამირან გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ ძირითადი დატვირთვა იქნება ამბულატორიულ სექტორზე და დიდი ალბათობით, "დელტასთან" შედარებით, შემცირდება ჰოსპიტალიზაციის მოთხოვნა.

საქართველოში გასულ 24 საათში ჩატარებული 57 546 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 5 486 შემთხვევა. ეს 2021 წლის 10 ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი, დღიური მაჩვენებელია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ შემთხვევების მატების ძირითად მიზეზებად დაასახელა "ომიკრონის" აქტიური ცირკულაცია, საახალწლოდ გაზრდილი თავშეყრები და დიდი მობილობა, განსაკუთრებით, ზამთრის კურორტებზე.

გამყრელიძემ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, აიცრან, უკვე ვაქცინირებულებმა კი, გაიკეთონ ე.წ. ბუსტერ-დოზა, რომელიც ეპიდემიის შემდგომი გავრცელების "ერთ-ერთი მთავარი შემაკავებელი მექანიზმია".

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებითვე, "ომიკრონის" ცირკულაციის გააქტიურების გამო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამცავი ნიღბის გამოყენება, რომლის ამჟამინდელი მაჩვენებელი საქართველოში მხოლოდ 35%-ია. გამყრელიძის თქმით, თუ ეს მაჩვენებლი 80%-მდე მაინც გაიზრდება, პიკზე მოსალოდნელი 15 ათასმდე შემთხვევა განახევრდება.

საქართველოში დამცავი ნიღბის გამოყენება სავალდებულოა როგორც დახურულ საჯარო, ისე ღია სივრცეში და ამ წესის დარღვევისთვის ჯარიმა 20 ლარია. თუმცა, პანდემიის პირველი წლისგან განსხვავებით, აღსრულების კონტროლი თითქმის აღარ ხდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG