მოხუცები მარტოობის პირისპირ

მარტოობა სიკვდილიანობის ისეთივე ხარისხის რისკს ქმნის, როგორც თამბაქოს რეგულარული მოხმარება ან ჭარბწონიანობა. მარტოობა დიდი საფრთხეა ხანდაზმული ადამიანების ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, - ამბობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL)ხალი გამოკვლევა.

თბილისი, მოხუცებულთა თავშესაფარი „თბილი კერა“. 2021 წელი, 28 იანვარი. დილის 11 სააათი. საუზმე დამთავრდა. მოხუცები თავ-თავიანთ ოთახებს დაუბრუნდნენ. აქ სულ ათნი არიან. მათი ნაწილი მწოლიარეა. სიჩუმეს მათ ოთახებში მხოლოდ ტელევიზორის ხმა არღვევს.

„აქ კარგია, მაგრამ სახლში მაინც სხვანაირია, - მეუბნება 80 წლის სვეტლანა ქვრივიშვილი, - მაინც მარტო ხარ“.

- რა არის თქვენთვის მარტოობა?

- როცა ვინც მიყვარს, მას ვეღარ ვხედავ. როცა ჩემი მეგობრები აღარ არიან.

- როგორი შეგრძნებაა, რაზე გეფიქრებათ ხოლმე?

- ძალიან ძნელია. ძალიან. ცუდია. მე დიდ ოჯახში ვარ გაზრდილი და ამას ისე მკაფიოდ ვგრძნობ. ჩემს მტერსაც არ ვუსურვებ მარტოობას.

- რა შეგიცვლიდათ ამ განცდას?

- ახლა უკვე აღარ ვიცი.

სვეტლანა, 80 წლის

თავის საწოლზე, კუთხეშია მიმჯდარი მანანა ოდიშვილი. 76 წლისაა.

„ჩემს მეგობრებზე ვფიქრობ ხოლმე. რამდენი იყვნენ. იმ ერთად ყოფნაზე“.

- რა გაგრძნობინებთ მარტოობას ყველაზე მეტად?

- დრო რომ იწელება უსასრულოდ და...

- მაგ დროს რაზე გეფიქრებათ?

- ყველაფერზე. რა შეიძლებოდა ყოფილიყო. და უფრო ხშირად ვიხსენებ.

მანანა, 76 წლის

„92 წლის გავხდები მალე. მგონი ამის იქით აღარაფერია“, - ამბობს ქეთო სახვაძე.

- მარტო ყოფნა რას ნიშნავს?

- რას და აი, ზიხარ და ელოდები სიკვდილს.

- რაზე ფიქრობთ ხოლმე ყველაზე ხშირად?

- რაც უკვე იყო, იმაზე.

ქეთო, 92 წლის

რამ შეიძლება შეამსუბუქოს ასეთი მარტოობა სიბერისას?

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) ახალი გამოკვლევა აჩვენებს, რომ ყველაზე ეფექტური გზა მათ ყოველდღიურ საქმიანობაში მხარდაჭერაა.

დახმარება საოჯახო საქმეების შესრულებაში, ექიმთან გაყოლა, ერთად რამის კეთება.

კვლევაში, რომელიც 2021 წლის შუა პერიოდში ჩატარდა, ჩართული იყვნენ ალბანეთში, აზერბაიჯანში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, საქართველოში, სერბეთსა და კოსოვოში მცხოვრები 65-დან 85 წლამდე ასაკის ხანდაზმულები.

„მარტოობა დიდი საფრთხეა ხანდაზმულების ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“, - ამბობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯულია ვალესე.

პანდემიის დროს კი ეს პრობლემა კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა.

ხანდაზმულებს შორის გავრცელებული მარტოობის პრობლემის მოსაგვარებლად კი ძალიან მცირე ძალისხმევა იხარჯება.

ამ კვლევის თანახმად, ათიდან რვა ხანდაზმული ადამიანი, ანუ კვლევაში მონაწილეთა 79 % აცხადებს, რომ ისინი ზომიერ ან უკიდურეს მარტოობას განიცდიან.

რა ახდენს ზეგავლენას მარტოობაზე?

  • მარტო ცხოვრება,
  • ბედნიერების განცდის დაბალი ხარისხი,
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები,
  • სმენის დაქვეითება,
  • სოციალური კავშირების ნაკლებობა,
  • ემოციური მხარდაჭერისა და ახლო ურთიერთობების ნაკლებობა.

რისკფაქტორები ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია.

საქართველოში, მარტოობის განმაპირობებელ ფაქტორებს შორის დომინირებს:

• სოციალური კავშირების ნაკლებობა (ფარდობითი წილი - 27%);

• ფიზიკური მხარდაჭერის სიმწირე (ფარდობითი წილი - 25%);

• სოციალური ნდობის ნაკლებობა (ფარდობითი წილი - 19%);

• ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით მხარდაჭერის საჭიროება (ფარდობითი წილი - 16%);

• დამატებითი სოციალური ინტერაქციის სურვილის დაუკმაყოფილებლობა (ფარდობითი წილი - 13%).

ამ კვლევის მონაწილე ხანდაზმულები ცხოვრობდნენ სახლებში, ოჯახის წევრებთან ერთად ან მათ გარეშე, მაგრამ არა ინსტიტუციურ დაწესებულებებში.

კვლევამ აჩვენა, რომ ისინი უკეთ ინარჩუნებენ გონებრივ და ფიზიკურ ჯანმრთელობას მაშინ, როდესაც მეტ-ნაკლებად დამოუკიდებლად აგრძელებდნენ ცხოვრებას.

„ჩვენ, როგორც სახელმწიფომ, როგორც საზოგადოებამ, უნდა ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ხანდაზმული მოქალაქეები დგანან“, - ამბობს UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე, რომელიც ფიქრობს, რომ ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა ეროვნული პოლიტიკის შემუშავება, რომელიც ხანდაზმულთა უფლებებსა და ღირსებას დაიცავდა, მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე იზრუნებდა.

კვლევის რეკომენდაციებს შორის არის ასევე ხანდაზმული ადამიანებისათვის ფიზიკური მხარდაჭერისთვის საჭირო პროგრამების შემუშავება და განხორციელებაც, რაც შეიძლება მოიცავდეს სამედიცინო მომსახურების მიწოდებას - ბინაზე მისვლით ან თემში მოხალისეების მობილიზებას მათთვის ყოველდღიურ საქმიანობაში მხარდაჭერისთვის.

კვლევაში ასევე ვკითხულობთ, რომ აღმოსავლეთი ევროპა მოსახლეობის სწრაფი ტემპით დაბერების გამოწვევის წინაშე იმყოფება - ეს შობადობის დაბალი მაჩვენებლის, გარე მიგრაციის მაღალი დონისა და სხვა არაერთი ფაქტორის შედეგია. პროგნოზის თანახმად, მსოფლიო მოსახლეობაში 65 წლისა და უფროსი ასაკის პირთა წილი 2019 წელს დაფიქსირებული 9 პროცენტიდან, 2050 წლისთვის 25 პროცენტამდე გაიზრდება.

რაც შეეხება საქართველოს, სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში 2020 წლისთვის 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი მთელი მოსახლეობის 15.1%-ს შეადგენდა - 2030 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 21%-მდე გაიზრდება.

საქართველოში ხანდაზმულ პირთა შესახებ სახელმწიფოს პოლიტიკური დოკუმენტის - დაბერების საკითხზე სახელმწიფოს პოლიტიკის კონცეფციის ახალი სამოქმედო გეგმა ამ დრომდე არ შემუშავებულა.

ასევე არ შესრულებულა დაბერების 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის ანგარიშის მიხედვით ვალდებულებების ნახევარზე მეტი.

გასულ წელს ჩატარებულ კიდევ ერთ კვლევაში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი, მარტო მცხოვრები პენსიონერების ზოგადი მდგომარეობის შესახებ COVID-19-ის პერიოდში ვკითხულობთ, რომ

საქართველოში ხანდაზმულთა სოციალური ურთიერთობები შეზღუდულია: ისინი იშვიათად ურთიერთობენ მეზობლებთან, კიდევ უფრო ნაკლებად ნათესავებთან და კიდევ უფრო ნაკლებად მეგობრებთან.

მოხუცი ადამიანები იშვიათად დადიან ქალაქისა თუ სოფლის ცენტრში. ხოლო შეზღუდული სოციალური ქსელი და აქტივობები მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას.

ამ კონკრეტული კვლევისთვის გამოკითხული ხანდაზმულები თითქმის არ სარგებლობენ მობილური ტელეფონით, არ არიან კომპიუტერისა და ინტერნეტის მომხმარებლები.