პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელზეც შს სამინისტროს ძებნა აქვს გამოცხადებული

სახლი, სადაც მწყემსი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა.

პროკურატურამ დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი 34 წლის მამაკაცს, რომელმაც, გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში, ორი ადამიანი, ცოლ-ქმარი მათივე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მოკლა. შემთხვევა 10 თებერვალს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, ბრალდებულისთვის, რომელიც კონდოლში მდებარე მეცხოველეობის ფერმაში მუშაობდა, ცნობილი გახდა, რომ მასთან ერთად მწყემსებად მომუშავე ცოლ-ქმარს 20 000 აშშ დოლარი ჰქონდა შენახული.

"ბრალდებულმა აღნიშნული თანხის დაუფლების მიზნით, ცოლ-ქმრის მოკვლა გადაწყვიტა. 10 თებერვალს, საღამოს საათებში, მან ცეცხლსასროლი იარაღი დამიზნებით ესროლა ჯერ კაცს, შემდეგ მის მეუღლეს. ისინი მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ. ასევე, ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა გარდაცვლილების არასრულწლოვან შვილზე, დაემუქრა მას და ძალის გამოყენებით დააბა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - აცხადებს შს სამინისტრო.

ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ორი პირის განზრახ მკვლელობა ჩადენილი ანგარებით) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთის ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

ორმაგ მკვლელობაში ბრალდებული ამ დრომდე არ არის დაკავებული. ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შს სამინისტროს მასზე ძებნა აქვს გამოცხადებული.

ასევე ნახეთ სოფელ კონდოლთან მომხდარი მკვლელობის სავარაუდო მოწმე არასრულწლოვანია