თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლთან, მეცხოველეობის ფერმაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ირკვევა. მოკლულის ნათესავის ინფორმაციით, ფერმაში სულ ოთხი მწყემსი მუშაობდა: სამნი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ (ცოლ-ქმარი და მათი 16 წლის შვილი), ხოლო მეოთხე მწყემსი ფერმაში 3 თვის წინ დასაქმდა.
გივი ჩიდრაშვილის ინფორმაციით, ოთხივე მწყემსმა 10 თებერვალს ხელფასი აიღო. საღამოს კი, ვახშმის დროს, 3 თვის წინ ფერმაში სამუშაოდ მისულმა მწყემსმა დანარჩენებს მოსთხოვა, აღებული ხელფასი მისთვის მიეცათ, რადგან ვალის გამო თავისი არ ჰყოფნიდა. უარის მიღების შემდეგ დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა.
მოკლული ცოლ-ქმრის ნათესავი მომხდარის შესახებ მისთვის ცნობილი ინფორმაცის მიხედვით ჰყვება, რომ მშობლების მკვლელობამდე, მათი 16 წლის არასრულწლოვანი ქალიშვილი მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ფერმის საცხოვრებლის მეორე სართულზე აიყვანა და სკამზე დააბა. გივი ჩიდრაშვილი ამბობს, რომ გარდაცვლილი-ცოლ-ქმარი და სკამზე დაბმული მათი შვილი დილით სხვა ფერმის მწყემსმა შემთხვევით იპოვა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამ დროისთვის არასრულწლოვანს თელავის პოლიციის მთავარ სამმართველოში კითხავენ. გვამებს ექსპერტიზა უტარდება. მკვლელობაში ეჭვმიტანილმა კი შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოასწრო და ახლა ძებნის სამუშაოები მიმდინარეობს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ორი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.