უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება თითქმის 2000-ჯერ დაირღვა

უკრაინელი ჯარისკაცი დონბასში, კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. 2022 წლის 17 თებერვალი.

19 თებერვალს უკრაინაში თითქმის 2000-ჯერ დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება - ასეთია დონბასში მოქმედი ეუთოს სამეთვალყურეო მისიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. წინა დღით 1500-ზე მეტი შემთხვევის შესახებ იუწყებოდა სააგენტო "როიტერსი".

კიევის ცნობით, შაბათს რუსეთის მხარდაჭერით მოქმედმა სეპარატისტებმა 136-ჯერ გახსნეს ცეცხლი. თავის მხრივ, ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ლიდერები სროლაში უკრაინელ სამხედროებს ადანაშაულებენ.

ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში აცხადებენ, რომ 20 თებერვალს, ღამით, უკრაინელების თავდასხმის შედეგად, ორი მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა და დაინგრა ხუთი სახლი. ეს ინფორმაცია არ არის დადასტურებული დამოუკიდებელი წყაროების მიერ.

რამდენიმე დღის წინ, უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ლიდერებმა გამოაცხადეს ევაკუაცია და დაიწყეს ხალხის მასობრივი გადაყვანა რუსეთის ტერიტორიაზე. თვითგამოცხადებული რესპუბლიკები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ კიევი აპირებს მშვიდობიან მოსახლეობაზე ფართომასშტაბიან თავდასხმას.

ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს კიევი. ევროკავშირმა განაცხადა, რომ უსაფუძვლოა ინფორმაცია კიევის შესაძლო სამხედრო თავდასხმის შესახებ.

ასევე ნახეთ ევროკავშირი: მეტად ვაფასებთ უკრაინის თავშეკავებას

ევროკავშირის სახელით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ინსცენირებული მოვლენები“ შესაძლოა გამოყენებულ იქნას „შესაძლო სამხედრო ესკალაციის საბაბად“ და რომ ამ მიზნებს ემსახურება გავრცელებული დეზინფორმაციაც. ევროკავშირის განცხადებაში ნათქვამია ასევე, რომ ბრიუსელი მეტად აფასებს კიევის თავშეკავებულ პოზიციას.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოლო დღეებში არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს აჰყვეს და უპასუხოს პროვოკაციებს. კიევმა საპასუხო ცეცხლი არც მაშინ გახსნა, როდესაც დონბასში უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. მანამდე სეპარატისტების პოზიციიდან ჭურვები მოხვდა საბავშვო ბაღის შენობასაც, კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

დასავლეთის ქვეყნები შიშობენ, რომ ვითარების ესკალაცია, შესაძლოა, რუსეთმა გამოიყენოს საბაბად უკრაინაზე ფართომასშტაბიანი შეტევის წამოსაწყებად.

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა დასავლური ქვეყნების ლიდერების ინფორმაციით, უკრაინის საზღვრებთან უკვე მობილიზებულია რუსეთის არმიის 150 ათასი სამხედრო. ისინი აცხადებენ, რომ რუსეთი ტექნიკურად უკვე მზად არის ნებისმიერ დროს დაიწყოს ომი.

კიევი მნიშვნელოვნად გაზრდილ საფრთხეებს არ უარყოფს, თუმცა თვლის, რომ მუდმივად ომის დაწყების მოლოდინზე და სავარაუდო თარიღებზე ლაპარაკი პანიკის რისკს ქმნის და მნიშვნელოვნად აფერხებს უკრაინის განვითარებას.

19 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის ეყრდნობა და ითვალისწინებს მხოლოდ უკრაინის სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციას.

ასევე ნახეთ ზელენსკი: უკრაინა თავს დაიცავს პარტნიორებთან ერთად, და მათ გარეშეც
ასევე ნახეთ ვოლოდიმირ ზელენსკი: „ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები“