Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი: მეტად ვაფასებთ უკრაინის თავშეკავებას


ევროკავშირი გმობს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების კიევის მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან.

„ევროკავშირი გმობს მძიმე იარაღის გამოყენებასა და სამოქალაქო დასახლებებისკენ განურჩეველ სროლას, რაც აშკარად არღვევს მინსკის შეთანხმებებსა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. ჩვენ მეტად ვაფასებთ უკრაინის თავშეკავებას განგრძობადი პროვოკაციებისა და დესტაბილიზაციის მცდელობების წინაშე“, - წერია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ ევროკავშირის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი ამ განცხადებას ტვიტერის საშუალებითაც ავრცელებს და წერს, რომ უსაფუძვლოა ბრალდებები უკრაინის მხრიდან შესაძლო თავდასხმების შესახებ.

ევროკავშირის სახელით გავრცელებული განცხადების ტექსტში აღნიშნულია, რომ „ინსცენირებული მოვლენები“ შესაძლოა გამოყენებულ იქნას „შესაძლო სამხედრო ესკალაციის საბაბად“ და რომ ამ მიზნებს ემსახურება გავრცელებული დეზინფორმაციაც.

„ამ კონტექსტში ჩვენ მტკიცედ გამოვხატავთ მხარდაჭერას ეუთოს სპეციალური სამეთვალყურეო მისიის მიმართ, რომლის მეთვალყურეებიც ასრულებენ საკვანძო როლს დეესკალაციისკენ მიმართული ძალისხმევის კუთხით. ამ მისიას უნდა მიეცეს უფლება, სრულად გამოიყენოს თავისი მანდატი, საქმიანობისა და თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვის გარეშე, აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრები ადამიანების სასარგებლოდ და მათი უსაფრთხოებისთვის“, - წერია განცხადებაში.

ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს "კონსტრუქციული დიალოგისკენ, დიპლომატიისკენ, თავშეკავების გამოვლენისკენ და დეესკალაციისკენ“.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ აფრთხილებს რუსეთს შესაძლო შედეგების შესახებ, რასაც უკრაინაზე მორიგი სამხედრო თავდასხმა გამოიწვევს.

„უკრაინის მიმართ რუსეთის ნებისმიერ შემდგომ აგრესიას ექნება სერიოზული გაგრძელება და სერიოზული საპასუხო შედეგი, პარტნიორებს შორის შეთანხმებული შეზღუდვების დაწესების ჩათვლით“, - წერია ევროკავშირის განცხადებაში.

დასავლეთის ქვეყნები შიშობენ, რომ ვითარების ესკალაცია შესაძლოა რუსეთმა გამოიყენოს საბაბად უკრაინაზე ფართომასშტაბიანი შეტევის წამოსაწყებად.

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა დასავლური ქვეყნების ლიდერების ინფორმაციით, უკრაინის საზღვრებთან უკვე მობილიზებულია რუსეთის არმიის 150 ათასი სამხედრო. ისინი აცხადებენ, რომ რუსეთი ტექნიკურად უკვე მზად არის ნებისმიერ დროს დაიწყოს ომი.

XS
SM
MD
LG