ქორწილებისა და ქელეხების გამართვა ნებადართული იქნება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 მარტიდან საქართველოში ქელეხებისა და ქორწილების გადახდა ისევ ნებადართული იქნება. გადაწყვეტილება მედიას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ გააცნო.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში შიდა სივრცეში ერთ მაგიდასთან შესაძლებელი იქნება 10 ადამიანის დაჯდომა, ღია სივრცეში კი - 15-ის.

ასევე ნახეთ შეზღუდვები, რომელიც 1 მარტიდან იხსნება - სია

კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოში ორივე სოციალური ღონისძიების გამართვა აკრძალული იყო. ღონისძიების გამართვისთვის შესაძლებელი იყო რესტორნის (იურიდიული პირი) 10 ათასი ლარით დაჯარიმება.

სოციალური ღონისძიებების გამართვაზე, რომელსაც 10 კაცზე მეტი დაესწრებოდა, აკრძალვა 2020 წლის 23 მარტს დაწესდა.