საქართველოსა და რუსეთის რაგბის ნაკრებებს შორის დაგეგმილ მატჩს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მან „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, რომ გაკოტრებული პოლიტიკოსები შეეცდებიან გარკვეული პროვოკაციების მოწყობას. „მინდა, გავაფრთხილო ყველა, რომ იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება", - აღნიშნა მან.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სპორტი პოლიტიკისგან უნდა გაიმიჯნოს.
„მე, როგორც მოქალაქეს და როგორც პოლიტიკოსს, მიმაჩნია, რომ სპორტი უნდა გავმიჯნოთ ყოველგვარი პოლიტიკისგან და არავის უნდა მივცეთ საშუალება, რაღაც გარკვეული ინტრიგა, პროვოკაცია, ავანტიურა შეიტანოს სპორტში. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი გუნდი ჩამოდის და ამის არაერთი გამოცდილება გვქონია ჩვენ. ჩვენი, ქართველი მორაგბეები პირველად არ ხვდებიან რუს მორაგბეებს. სპორტი და მოქალაქეები, რუსი ხალხი არის ერთ მხარეს, მეორეა ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები რუსეთის პოლიტიკურ ხელისუფლებასთან, ამიტომ ერთი მეორისგან უნდა დავაშოროთ. ხალხთაშორისი ურთიერთობა არის ერთი. მოგეხსენებათ, პანდემიამდე ათასობით რუსი ტურისტი ჩამოდიოდა, ახლაც ჩამოდიან, დიდი სურვილი მაქვს, კიდევ ჩამოვიდნენ, დაისვენონ და ჩვენი ლამაზი ქვეყანა ნახონ, ხალხთაშორისი ურთიერთობა უნდა განვითარდეს, უნდა აღდგეს ნდობა და განმტკიცდეს ურთიერთობები. ასევეა სპორტსმენებს შორის. ჩვენი ბევრი სპორტსმენი რუსეთში მოღვაწეობს, მიდიან, მოდიან, ყველგან ტარდება მატჩები, ასე რომ, ყოველგვარი პოლიტიკისგან უნდა დავაშოროთ სპორტი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოსა და რუსეთის რაგბის ნაკრებებს შორის გასამართ მატჩზე, „ევროპული საქართველოს" მიერ უკრაინის მხარდასაჭერად დაგეგმილი აქციის შესახებ ილაპარაკა 23 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ. ის გამოეხმაურა თბილისის მერის ანალოგიურ განცხადებას იმის შესახებ, რომ სპორტი პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არ არის და გამიჯნული უნდა იყოს.
ასევე ნახეთ
ბოკერია: მინდა ჰკითხოთ კალაძეს, რომელ საერთაშორისო სტანდარტს ვარღვევთ სტადიონზე ეროვნული დროშების გამოფენით?„მინდა ჰკითხოთ კალაძეს ან მერიას, რომელ საერთაშორისო სტანდარტს ვარღვევთ „ევროპული საქართველო" ამ მოწოდებით, რომ ეროვნული დროშები იყოს გამოფენილი სტადიონზე. ეს სწორედ ის ფორმაა საზოგადოების პოზიციის გამოხატვის, რომელიც ცივილიზებულ ფარგლებში ჯდება, არანაირი პოლიტიკური აგრესიული გზავნილი არ არის, რომ ეს საბაბი იყოს, თუ არ ეძებენ საბაბს და თუ ისინი საბაბს ეძებენ, რომ პუტინს ასიამოვნონ და ამ პროპაგანდაში კიდევ ერთხელ დააფიქსირონ როგორ "უფრთხილდებიან" ამ ყველაფერს, მაშინ პირდაპირ თქვან და უტიფარი სლოგანებით ნუ გამოდიან", - თქვა ბოკერიამ.
კახა კალაძის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სპორტი და პოლიტიკა ყოველთვის გამიჯნული იყოს ერთმანეთისგან.
„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სპორტი პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არ არის და ყოველთვის უნდა იყოს გამიჯნული. არაერთი შეხვედრა გამართულა რაგბიში რუსეთის ნაკრებთან, სხვათა შორის, ყოველთვის წარმატებით გამოდიოდა საქართველოს ეროვნული ნაკრები და დარწმუნებული ვარ, ახლაც წარმატებას მიაღწევენ. წარმატება მინდა ვუსურვო და, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სპორტი და პოლიტიკა გაიმიჯნოს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ კანონის ფარგლებში. ეს რა ფორმით იქნება, მათი გადასაწყვეტია. მთავარია, ეს ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში", - განაცხადა კალაძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გაამახვილა ყურადღება რაგბის მატჩზე.
„ვრცელდება ინფორმაცია იმ მძიმე პროვოკაციების შესახებ, რომელიც რაგბის ეროვნული ნაკრების რუსეთთან შეხვედრას უკავშირდება და რომლის ყველაზე მსუბუქი ნეგატიური შედეგი შესაძლებელია იყოს ჩვენი ნაკრების მიმართ სანქციების დაწესება", - თქვა დეპუტატმა.
ასევე ნახეთ
„დინამოარენა“ საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩზე ქომაგებს უკრაინული აფიშით იწვევსუკრაინულ ენაზე დაწერილი ანონსი საქართველოს რაგბის კავშირმა 22 თებერვალს სოციალურ ქსელში გაავრცელა, რასაც რუსეთის რაგბის ფედერაციის აღშფოთება და პროტესტი მოჰყვა. სწორედ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა განცხადებით, საქმეში ევროპის რაგბის კავშირი ჩაერთო და საქართველოს რაგბის კავშირს ანონსის წაშლა მოსთხოვა.
მატჩის აფიშა ახლა მატჩის მასპინძელი სტადიონის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზეა ატვირთული. „დინამოარენა“ გულშემატკივრებს უკრაინულ ენაზე მოუწოდებს, მივიდნენ სტადიონზე და ერთად შეასრულონ საქართველოს ჰიმნი.
27 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს ნაკრები რაგბის ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩში რუსეთს უმასპინძლებს.
21 თებერვალს რუსეთმა აღიარა უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე სეპარატისტული დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობა. პრეზიდენტ პუტინის მიერ გაცემული განკარგულება რეგიონში ჯარის შეყვანას ითვალისწინებს. სეპარატისტულ რეგიონებთან დადებული ხელშეკრულებები რუსმა კანონმდებლებმა 22 თებერვალს დაამტკიცეს.