რუსეთის პრეზიდენტი სპეციალური ოპერაციების ძალებს პროფესიულ დღეს ვიდეომიმართვით ულოცავს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ვიდეომიმართვით სპეციალური ოპერაციების ძალებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც „უკრაინაში მსახურობენ“ და "გმირულად იბრძვიან".

„მინდა, მადლობა გადავუხადო სარდლობას, სპეციალური ოპერაციების ძალების პირად შემადგენლობას, სპეცდანიშნულების რაზმის ვეტერანებს ფიცისადმი ერთგულებისთვის, უმწიკვლო სამსახურისთვის".

პუტინის თქმით, სამხედროებმა არაერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა იმოქმედონ „მაქსიმალურად ეფექტურად და კომპეტენტურად ნებისმიერ ურთულეს პირობებში, გადაჭრან ურთულესი და საპასუხისმგებლო ამოცანები“.

„სპეციალური ოპერაციების ძალების დღეს" რუსეთში, 2015 წლიდან, ყოველ 27 თებერვალს აღნიშნავენ.

ასევე ნახეთ ვლადიმირ პუტინის იმპიჩმენტის მოთხოვნით ონლაინ პეტიციაზე ხელმოწერები გროვდება

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა".

რუსეთს, უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო, ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებენ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი.