“რუსეთისთვის მიუღებელია, რომ აშშ-ის ბირთვული იარაღი განლაგებულია ევროპაში. დროა დავაბრუნოთ ის სახლში”, - ამის შესახებ განცხადება 1 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ვიდეომიმართვაში გააკეთა ჟენევის განიარაღების კონფერენციაზე. ვიდეომიმართვაში მან გამოხატა უკმაყოფილება, რომ რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების გამო არ მიეცა საშუალება, ფიზიკურად მიეღო მონაწილეობა კონფერენციაში და ონლაინფორმატში მოუწია ჩართვამ. ლავროვის თქმით, კიევის ხელისუფლება, რომელმაც საკუთარი ბირთვული იარაღის შეძენა დაგეგმა, საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას.
“საფრთხეები, რომლებსაც ზელენსკის რეჟიმი უქმნის მეზობელ ქვეყნებს და საერთაშორისო უსაფრთხოებას, განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კიევმა წამოიწყო სახიფათო თამაში და დაიწყო გეგმების დაწყობა საკუთარი ბირთვული იარაღის შეძენასთან დაკავშირებით”, - თქვა ლავროვმა. მან ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა ნატომ უარი თქვას “ბუქარესტის ფორმულაზე” და შესაბამისად შესაძლებლობაზეც, რომ უკრაინა და საქართველო გახდნენ ალიანსის წევრები. ლავროვი ასევე მოუწოდებს ევროპის ქვეყნებს, მხარი არ დაუჭირონ სამხედრო ობიექტების შექმნას იმ ქვეყნების ტერიტორიებზე, რომლებიც წარსულში საბჭოთა კავშირის წევრები იყვნენ და დღეს ევროკავშირის წევრები არ არიან.
“ჩვენთვის მიუღებელია, რომ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების ფუნდამენტური დებულებების საწინააღმდეგოდ, შეერთებული შტატების ბირთვული იარაღი კვლავ რჩება ევროპის რიგი ქვეყნების ტერიტორიებზე. ნატოს არაბირთვული ქვეყნების მონაწილეობით "ერთობლივი ბირთვული მისიების" მანკიერი პრაქტიკა გრძელდება. მათ ფარგლებში მუშავდება რუსეთში ბირთვული იარაღის გამოყენების სცენარები. დადგა დრო, რომ ამერიკული ბირთვული იარაღი სახლში დაბრუნდეს და ევროპაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მთლიანად დაიშალოს”, - თქვა ლავროვმა და მოუწოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, არ გააძლიეროს საკუთარი უსაფრთხოება სხვების ხარჯზე. ის მიიჩნევს, რომ აუცილებელია სამხედრო პოტენციალი და ნატოს ინფრასტრუქტურა დაუბრუნდეს 1997 წლის მდგომარეობას, როცა ხელი მოეწერა რუსეთ-ნატოს დამფუძნებელ აქტს.
“ამას ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს”, - თქვა სერგი ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე კიდევ ერთხელ უკმაყოფილება რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო და თქვა, რომ "ევროკავშირის ქვეყნები ცდილობენ პირისპირ პატიოსანი დიალოგისგან თავის დაღწევას" და ამისთვის სანქციების გზას ირჩევენ. ლავროვის შეფასებით, უკრაინის ტრაგედია "იქ ჩამოყალიბებული კრიმინალური რეჟიმის დასავლელი პატრონების თანხმობის შედეგია."
დღესვე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთი განაგრობს უკრაინაში "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" დასახული მიზნის მიღწევამდე.
ასევე ნახეთ შოიგუ: უკრაინაში ოპერაცია გაგრძელდება დასახული მიზნების მიღწევამდეპრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ. პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან(ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი).
უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა. რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას. ამ ფონზე, 27 თებერვალს, პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.
ასევე ნახეთ რას ნიშნავს სტრატეგიული შეკავების ძალები, რომელთა მზადყოფნაში მოყვანის ბრძანებაც გასცა პუტინმა