ოფიციალური მონაცემებით, ხარკოვში დაღუპულია 34 მშვიდობიანი მოქალაქე

ხარკოვი. 2022 წლის 2 მარტი

რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ქალაქ ხარკოვზე განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად დაღუპულია 34 მშვიდობიანი მოქალაქე. ინფორმაციას ხარკოვის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

მისივე ცნობით, 3 მარტის დილის მდგომარეობით, დაჭრილია 285 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი. წუხელ რუსმა სამხედროებმა დაბომბეს ხარკოვის ოლქის ქალაქი იზიუმიც, სადაც ადგილობრივ ხელისუფალთა ინფორმაციით, 8 ადამიანი დაიღუპა.

ასევე ნახეთ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ითვლის 2000-ზე მეტ დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეს

რუსეთის სამხედრო ძალები რამდენიმე დღეა განსაკუთრებით ინტენსიურად ბომბავენ ქალაქ ხარკოვს და მის შემოგარენს. 1 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხარკოვის დაბომბვას სამხედრო დანაშაული უწოდა და მოითხოვა, რომ დამნაშავეები დაისაჯონ საერთაშორისო სასამართლოების მიერ.

ასევე ნახეთ 38 ქვეყნის მიმართვის საფუძველზე, ჰააგის სასამართლომ დაიწყო რუსეთის შესაძლო ომის დანაშაულების გამოძიება
  • პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.
  • პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი).
  • 1 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კიდევ ერთ ამოცანად გამოაცხადა „რუსეთის დაცვა დასავლეთის ქვეყნების მიერ შექმნილი სამხედრო საფრთხისგან“.
  • უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა.
  • რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას.
  • ამ ფონზე, 27 თებერვალს პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.
  • 2 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირველად გამოაქვეყნა ოფიციალური მონაცემები, რომელთა თანახმად, უკრაინაში დაღუპულია 498 რუსი სამხედრო და დაჭრილია 1597.