Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ითვლის 2000-ზე მეტ დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეს


უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, 7 დღის განმავლობაში ომს 2000-ზე მეტი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.

უწყების ცნობით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა 10 მაშველი, დაშავდა - 13.

განადგურდა ასობით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული ობიექტი, საცხოვრებელი სახლი, საავადმყოფო და საბავშვო ბაღი. "ახლა საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ძალისხმევა მიმართულია ხალხის გადარჩენისკენ".

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელმა ელიზაბეთ ტროსელმა 1 მარტს განაცხადა, რომ 24 თებერვლიდან მოყოლებული უკრაინაში სულ მცირე 136 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 13 ბავშვი დაიღუპა, 400 კი - დაშავდა. ”რეალური დანაკარგები, სავარაუდოდ, ბევრად მეტი იქნება,” - თქვა მან.

მისი სიტყვებით, უმეტეს შემთხვევაში, სიკვდილისა და დაშავების მიზეზი გახდა საჰაერო თავდასხმები, ასევე "მძიმე არტილერიით დაბომბვა და მრავალჯერადი სარაკეტო თავდასხმები“.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმიდან 4 დღეში, 24-28 თებერვალს დაიღუპა 352 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის - 16 ბავშვი.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს წარმომადგენელმა შაბია მანტუმ განაცხადა, რომ ბოლო 6 დღის განმავლობაში უკრაინა თითქმის 836 000-მა ადამიანმა დატოვა.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ფილიპო გრანდიმ თქვა, რომ ჰუმანიტარულმა სააგენტოებმა და მათმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დონორებს მიმართეს 1,7 მილიარდი დოლარის გამოყოფისთვის უკრაინის შიგნით დაზარალებულთა და უკრაინიდან ლტოლვილების დასახმარებლად.

  • პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.

  • პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ანექსირებული ყირიმი).
  • 1 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კიდევ ერთ ამოცანად გამოაცხადა „რუსეთის დაცვა დასავლეთის ქვეყნების მიერ შექმნილი სამხედრო საფრთხისგან“.
  • უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა.
  • რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას.
  • ამ ფონზე, 27 თებერვალს პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG