შალვა პაპუაშვილი ოლივერ ვარჰეის „ტვიტერში“ მადლობით პასუხობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალური ქსელით ეხმაურება სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით კითხვარს ორშაბათს, 11 აპრილს გადასცემენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მადლობას უხდის ოლივერ ვარჰეის და წერს:

​„მადლობა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ გადამწყვეტ დღეს და მზად ვართ, სწრაფად ჩავერთოთ ამ პროცესში გულმოდგინებით და მონდომებით“, – წერს შალვა პაპუაშვილი მიკრობლოგ „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ევროკომისიის პრეზიდენტმა, ფონ დერ ლაიენმა კითხვარი უკრაინას გუშინ გადასცა, მე კი ორშაბათს გადავცემ საქართველოსა და მოლდოვას. პასუხი დაეხმარება ევროკომისიას, რომ მოამზადოს მოსაზრებები სამი ქვეყნის მიერ ევროკავშირში გაკეთებული განცხადებების შესახებ, როგორც ამას ითხოვს ევროკავშირის საბჭო”, – დაწერა ოლივერ ვარჰეიმ „ტვიტერში”.

უკრაინის კვალდაკვალ, მარტის დასაწყისში, ევროკავშირს საქართველომაც მიმართა ოფიციალური განაცხადით ბლოკში გაწევრიანების თაობაზე. თბილისში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურ აპლიკაციას 3 მარტს მოაწერა ხელი.