მძიმეა უკრაინაში დაჭრილი ერთ-ერთი ქართველი მებრძოლის მდგომარეობა

უკრაინის არმიის ჯარისკაცი

ფრონტის ხაზიდან გამოყვანილია უკრაინაში დაჭრილი ხუთი ქართველი მებრძოლი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მძიმეა ერთ-ერთი დაჭრილის, ვამეხ ჩუთლაშვილის, ჯანმრთელობის მდგომარეობა.

რაც შეეხება 9 აპრილს დაღუპულ ორ ქართველ ჯარისკაცს, 49 წლის დავით მენაბდიშვილსა და 21 წლის ნიკოლოზ შანავას, ისინი პროზექტურაში არიან გადასვენებული.

ამ ინფორმაციას ადასტურებს უკრაინაში მებრძოლი გოჩა ხორავა, 12-კაციანი დანაყოფის მეთაური, რომლის დანაყოფშიც მსახურობდნენ დაღუპულები. მისი თქმით, ქართველი მებრძოლები დაიღუპნენ ხარკოვის მისადგომებთან, დაბომბვის შედეგად.

უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის დღიდან ექვსი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. დავით გობეჯიშვილი, გია ბერუაშვილი და დავით რატიანი საქართველოში გადმოასვენეს და სამხედრო პატივით დაკრძალეს.

რაც შეეხება მეოთხე დაღუპულს, ბახვა ჩიქობავას, ამ დრომდე ვერ ხერხდება მისი ცხედრის გადმოსვენება ალყაშემორტყმული მარიუპოლიდან.