უკრაინის გენშტაბი: რუსები განაგრძობენ შეტევას დონეცკსა და ლუგანსკზე სრული კონტროლისთვის

უკრაინელი სამხედრო დონეცკის მახლობლად. 2022 წლის 12 აპრილი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალები ცდილობენ შეტევის გაგრძელებას აღმოსავლეთ ზონაში, დონეცკის და ლუგანსკის ტერიტორიებზე სრული კონტროლის დასამყარებლად და ოკუპირებული ყირიმის მიმართულებით სახმელეთო დერეფნის გასახსნელად.

უკრაინის გენერალური შტაბის მიერ დღეს, 19 აპრილს დილით გავრცელებული ცნობით, ამ ოპერაციისთვის რუსეთმა უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში განათავსა დამატებითი საზენიტო-სარაკეტო საშუალებები და განაგრძობს რუსეთის ცენტრალური და აღმოსავლეთ რეგიონებიდან უკრაინაში შეიარაღების, საბრძოლო ტექნიკის და დამატებითი ქვედანაყოფების გადასროლას.

გენშტაბის განცხადებით, მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში უკრაინის არმიის პოზიციების გარღვევისა და ქალაქ მარიუპოლზე სრული კონტროლის დამყარებისკენ. უკრაინის არმიის სარდლობის ინფორმაციით, ბოლო საათებში, დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში მოგერიებულია 7 შეტევა.

ასევე ნახეთ ზელენსკი: რუსეთმა სრულმასშტაბიანი შეტევა დაიწყო აღმოსავლეთ უკრაინაში

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის თანახმად, რუსეთი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე განაგრძობს სამოქალაქო ობიექტებზე სარაკეტო-საავიაციო დარტყმებსაც. გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში სარაკეტო დარტყმები გააქტიურდა უკრაინის დასავლეთ ოლქებში.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" 24 თებერვალს დაიწყო და მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის არმიის წინააღმდეგობის შედეგად, მარტში, რუსეთის სამხედრო დანაყოფებმა დატოვეს კიევის და ჩერნიგოვის ოლქები.

უკრაინის ხელისუფლება, დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები და საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრების ექსპერტები აცხადებდნენ, რომ მას შემდეგ, რაც რუსულმა არმიამ კიევიდან უკან დაიხია, მასშტაბურ ბრძოლას გადაიტანდა დონბასის მიმართულებით და ამ რეგიონის მთლიანად დაკავებას შეეცდებოდა.

ასევე ნახეთ მედია: უკრაინაზე რუსეთის ახალი შეტევის გამო დასავლეთის ლიდერთა საგანგებო შეხვედრა დაიგეგმა