უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ახალი შეტევის გამო, ამერიკის შეერთებული შტატების და საფრანგეთის პრეზიდენტები, ჯო ბაიდენი და ემანუელ მაკრონი, დღეს, 19 აპრილს შეხვედრას გამართავენ სხვა სახელმწიფოების მეთაურებთან. ამის შესახებ ფრანგული ტელეკომპანია BFM-ი იუწყება ელისეს სასახლეში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
წინასწარი ინფორმაციით, ონლაინ-შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, პოლონეთის, რუმინეთის და კანადის ლიდერები და ნატოს და ევროკავშირის ხელმძღვანელები.
18 აპრილს, ღამით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ რუსეთის არმიამ დაიწყო დონბასისთვის ახალი ბრძოლა, რომელიც დიდხანს მზადდებოდა. ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ თქვა, რომ ოკუპანტები ცდილობენ უკრაინის აღმოსავლეთს და სამხრეთს უფრო კარგად მოფიქრებულად შეუტიონ, ვიდრე ამას ადრე აკეთებდნენ და ეძებენ უკრაინის თავდაცვის სუსტ წერტილებს.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, როგორც ჩანს, რუსი გენერლებიც კი, რომლებიც, როგორც წესი, საკუთარ დანაკარგებს არ ითვლიან, იძულებული გახდნენ უფრო ფრთხილად იყვნენ, რადგან შეტევისთვის აღარავინ დარჩებათ. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, ეს რუსეთს არ უშველის, უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლება მხოლოდ დროის საკითხია და რამდენი რუსი სამხედროც არ უნდა გაგზავნონ, უკრაინა თავს დაიცავს და არაფერს უკრაინულს არავის მისცემს.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" 24 თებერვალს დაიწყო და მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის არმიის წინააღმდეგობის შედეგად, მარტში რუსეთის სამხედრო დანაყოფებმა დატოვეს კიევის და ჩერნიგოვის ოლქები.
უკრაინის ხელისუფლება, დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები და საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრების ექსპერტები აცხადებდნენ, რომ მას შემდეგ, რაც რუსულმა არმიამ კიევიდან უკან დაიხია, მასშტაბურ ბრძოლას გადაიტანდა დონბასის მიმართულებით და ამ რეგიონის მთლიანად დაკავებას შეეცდებოდა.