აშშ უკრაინას ეხმარება ომის დანაშაულთა გამოძიებაში

სავარაუდოდ, რუსული ე.წ. ფოსფორის ბომბის ფრაგმენტი უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვში. 2022 წლის მარტი

აშშ უკრაინას ეხმარება რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის სავარაუდო ფაქტების გამოძიებაში. ამის შესახებ 21 აპრილს ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლენდმა. მისი ინფორმაციით, თანამშრომლობენ უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან და სხვა ქვეყნებთანაც, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან.

პროკურორ გარლენდის თანახმად, ამერიკელები უკრაინას დახმარებას უწევენ მტკიცებულებათა შეგროვებასა და შენახვაში. 2022 წლის მარტში, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ სადაზვერვო სამსახურების და სხვა წყაროების მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილია ომის დანაშაული.

ასევე ნახეთ Human Rights Watch-მა უკრაინის ქალაქ ბუჩაში ომის დანაშაულის მტკიცებულებები მოაგროვა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიკტოვამ რამდენიმე დღის წინ, CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იძიებენ ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის 5800-მდე საქმეს და 500-ზე მეტი ეჭვმიტანილი ჰყავთ.

უკრაინაში ომის დანაშაულის სავარაუდო ფაქტებს 2022 წლის 28 თებერვლიდან იძიებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისიც.

ასევე ნახეთ ჰააგის სასამართლოს პროკურორი ბუჩაში იმყოფებოდა - "უკრაინა დანაშაულის ადგილია"

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

რუსეთი უკრაინაში სარაკეტო, საავიაციო და სახმელეთო ძალებს იყენებს არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაც. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მოქმედებას გენოციდად აფასებს. კიევის ოლქიდან რუსი სამხედროების გასვლის შემდეგ, მხოლოდ ბუჩასა და ირპენში ნაპოვნია ასეულობით მოკლული, მშვიდობიანი მოქალაქის გვამი.