"ველოდები უფრო მეტ სიცხადეს, ჯერ კომენტარს ვერ გავაკეთებ" – ასე უპასუხა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა გავრცელებული ჩანაწერის შესახებ კითხვას, რომელიც, შესაძლოა ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის ვლადიმირ ევტუშენკოვის საუბარს ასახავდეს.
"მე თვალს ვადევნებ ამ ისტორიას, რომელიც სწრაფად ვითარდება და ვიდრე არ გავიგებ ამბის კონტექსტს, არ დადგინდება ჩანაწერების ავთენტურობა, კომენტარს არ გავაკეთებ. მოვერიდები სპეკულაციებს. ასე რომ, ველოდები უფრო მეტ სიცხადეს და კომენტარს შემდეგ გავაკეთებ" - თქვა კარლ ჰარცელმა დღეს, 26 აპრილს მწერალთა სახლში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის წინ.
ასევე ნახეთ ევტუშენკოვი "ფორმულასთან" ინტერვიუში ადასტურებს, რომ ღარიბაშვილი უზდენოვს შეხვდა
25 აპრილს youtube-ზე, cyber kmara-ს არხზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ესაუბრება რუს მილიარდერ ვლადიმერ ევტუშენკოვს. ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის.
აუდიოჩანაწერის თანახმად, ევტუშენკოვსა და ივანიშვილს შორის უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად ორჯერ შედგა საუბარი, 10 და 13 მარტს. პირველ ჩანაწერში საუბრის თემა ხორბალს ეხება. აქ ევტუშენკოვი ამბობს, რომ აქვს იდეა, რომელსაც დავითი ჩამოიტანს. ამავე დროს, ევტუშენკოვი მის იმდროინდელ მოადგილესთან, ალი უზდანოვთან შეხვედრის შესახებ ლაპარაკობს (ევტუშენკოვმა „სისტემის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია 15 აპრილს დატოვა).
მეორე ჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს მის წარმომადგენელთან შეხვედრას. ივანიშვილი კი ამბობს, რომ ის უკვე ხვდება პრემიერ-მინისტრს, რომელიც „ახალგაზრდაა და ყველაფერს მიხედავს", თავად კი ქალაქგარეთ არის და ცოტა მოუხერხებელია მასთან შეხვედრა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ამისთვის მზად არის. საბოლოოდ, ჩანაწერის თანახმად, ივანიშვილი ევტუშენკოვს დათანხმდა მის წარმომადგენელთან შეხვედრაზე.
ვლადიმირ ევტუშენკოვი დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში 13 აპრილს შეიყვანა. ალი უზდანოვი მეგობრობის ორდენით ჰყავს დაჯილდოებული რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს.
ასევე ნახეთ დავით ხიდაშელი: ალი უზდენოვთან ერთად შევხვდი ქართველ ბიზნესმენებს