ევროკავშირის მინისტრებმა 2 მაისს ბრიუსელში შეხვედრა გამართეს და განიხილეს საპასუხო გზები რუსეთის მხრიდან პოლონეთისთვის და ბულგარეთისთვის გაზის გადაკეტვაზე, ისევე, როგორც ნავთობზე ემბარგოს დაწესების შესაძლებლობა, უკრაინაში შეჭრისთვის მოსკოვის დასასჯელად.
ევროკავშირის მორიგე პრეზიდენტი ქვეყნის, საფრანგეთის ეკოლოგიური გარდაქმნის მინისტრის, ბარბარა პომპილის თქმით, მან შეხვედრა სასწრაფო წესით იმ მიზნით მოიწვია, რომ "უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი სოლიდარობა კოლეგების მიმართ ბულგარეთსა და პოლონეთში", თუმცა მინისტრებმა ასევე იმსჯელეს ემბარგოს დაწესების შესაძლებლობაზე რუსეთის ნავთობისთვის.
ევროკავშირის დიპლომატებს ნათქვამი აქვთ, რომ ბლოკი იხრება წლის ბოლომდე რუსეთის ნავთობის აკრძალვისკენ, რაც იქნება რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მეექვსე პაკეტი. პოლონეთის გარემოს დაცვის მინისტრის, ანა მოსკვიას თქმით, ევროკავშირმა უკვე დააწესა ემბარგო ქვანახშირზე, რაც აგვისტოდან შევა ძალაში და "ახლა ნავთობის დრო მოვიდა".
გერმანია სიფრთხილით ეკიდებოდა ნავთობის აკრძალვის შესაძლო ეკონომიკურ შედეგებს, თუმცა 2 მაისს გერმანიის ორმა მინისტრმა მიანიშნა, რომ ქვეყნის პოზიცია იცვლება. გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა თქვა, რომ გერმანია "არ ეწინააღმდეგება რუსეთისთვის ნავთობის აკრძალვის დაწესებას", ხოლო ფინანსთა მინისტრმა, კრისტიან ლინდნერმა გერმანიის ტელევიზიას უთხრა, რომ "ქვანახშირის და ნავთობის გათვალისწინებით, ახლა შესაძლებელია რუსეთის იმპორტის გამოტოვება".