ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს, ჰელგა შმიდს შეხვდა

ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა შმიდი

საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და ომით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეუთოს გენერალურ მდივანს, ჰელგა შმიდს, დავოსში გამართულ შეხვედრაზე. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა ეუთოს თანათავმჯდომარეობის როლი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში.

„შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდის უახლოეს მომავალში ჩატარების აუცილებლობას. აღინიშნა, რომ მიუხედავად უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთული გამოწვევებისა, საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესის ერთგული რჩება", - ნათქვამია ოფიციალურ ცნობაში.

შეხვედრაზე განიხილეს უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.

ასევე ნახეთ პრემიერი: ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს
ასევე ნახეთ ღარიბაშვილის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს და მოლდოვის ცივილიზაციური არჩევანია

ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიაში 22 მაისს გაემგზავრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსში, ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან მთავრობის ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.