რა ვიცით ერთმანეთზე ქართველებმა და სომხებმა "მიმინოს" მიღმა?

დიანა უკლებას ფოტო ჯოტოს მუზეუმში. ერევანი, სომხეთი. ანდრანიკ საჰაკიანის ფოტო.

სომხეთის PEN ცენტრის პრეზიდენტმა, პროზაიკოსმა არმენ ოჰანიანმა ცოტა ხნის წინ სომხეთის განათლების მინისტრს შესთავაზა, ცნობილი სომეხი მხატვრის, გევორგ გრიგორიანის - ჯოტოს სტუდია-მუზეუმს მისი ქართველი მეუღლის, მხატვრისა და პოეტის და, რაც მთავარია, ამ მუზეუმის შემქმნელისა და ყოფილი დირექტორის, დიანა უკლებას სახელიც ეწოდოს.

ეს იქნებოდა სიმბოლური ნაბიჯი საქართველო-სომხეთის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილესთვისაც, რომელიც 2022 წლის ივნისში აღინიშნება და რა დროსაც, ერევანში დაგეგმილი სომხურ-ქართული ლიტერატურის დღეების მთავარი სლოგანი დიანა უკლებას ლექსის ერთი ფრაზა იქნება: „მწველი პოეტები“.

ჯოტოს სახელოსნო-მუზეუმი ერევანში

არმენ ოჰანიანის აზრით, ამ სიმბოლური ნაბიჯით, შესაძლოა, დაიწყოს ახალი, ალტერნატიული, „მიმინოს“ პერიოდის შემდგომი ურთიერთობა საქართველოსა და სომხეთს შორის. ხოლო ის წყვეტა, რომელიც დღეს, მისი თქმით, რეალურად არსებობს, დიანას და ჯოტოს გახმაურებული სიყვარულის გახსენებით აღდგეს კიდეც.

დიანა უკლება და ჯოტო

რა ვიცით ერთმანეთზე „მიმინოს“ შემდეგ?

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ არმენ ოჰანიანი ძველ სომხურ გაზეთში, დიანა უკლებას ერთ პატარა ლექსს გადააწყდა: მზის, როგორც „მწველი პოეტის“ მეტაფორა საინტერესოდ მოეჩვენა და ლექსის ქართული ორიგინალის ძებნა დაიწყო - ვერც სომხეთის არქივსა და ვერც საქართველოში, ამ დრომდე, ამ ლექსს ვერ მიაკვლია.

მაშინ კიდევ ერთხელ გაუჩნდა კითხვა, მაინც ვინ და როგორები არიან სომხები და ქართველები ერთმანეთის თვალში? იქნებ დიანა უკლებას დაკარგული ლექსიც იმის მანიშნებელი იყო, რომ ეს ორი ქვეყანა „ისტორიული წარსულის ხაფანგში გაება“, საიდანაც თავის დახსნა ვერ მოახერხეს? სადაც წარსული - „მეხსიერების გარეშეა დარჩენილი“ და ამის ნათელი მაგალითი დიანა უკლებას ამბავიცაა: ქართველი ხელოვანის, რომელიც, გადაურჩა მე-20 საუკუნეს, იცოცხლა 21-ე საუკუნეში, მაგრამ მისი ხსოვნა ქრება, რადგან მისი სრულიად ახალი კვალის პოვნაც კი რთული აღმოჩნდა.

PEN სომხეთის პრეზიდენტი არმენ ოჰანიანი და ქართველი ავტორების მთარგმნელი სომხურად ასია დარბინიანი ჯოტოს მუზეუმში

იქნებ ასე იმიტომ ხდება, რომ ურთიერთობა ორ მეზობელ ქვეყანას შორის ვერაფრით გასცდა „მიმინოს“ დროის შინაარსს? იქნებ „ნდობის უფსკრული“ მართლა ისე დიდია, რომ მის ამოვსებას მხოლოდ წარსულის მაგალითებით ვცდილობთ, ახალს კი არაფერს ვქმნით?

- თითქოს ყველაფერი შეიცვალა, წინ წავედით. მაგრამ, მაინც მეჩვენება, რომ სომხურ-ქართული კულტურის დისკურსი, კავშირები დარჩა ისევ „მიმინოს“ შინაარსის ფარგლებში. არსებობს კი დღეს განახლებული საყოველთაო ცოდნა, რომელიც განსხვავდება მოძველებული, საბჭოთა სტერეოტიპული ცოდნისგან, რომელსაც სახელმწიფო პროპაგანდა გვკარნახობდა და სადაც ნათქვამი იყო, რომ ჩვენ ვართ მეგობარი მეზობლები, მოძმე ერები, თუნდაც ის ორი გმირი ფილმ „მიმინოდან“, რომელსაც გამუდმებით ციტირებს ბევრი ჩვენგანი ერთმანეთთან შეხვედრისას მხოლოდ იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, უფრო პოპულარული, სომხურ-ქართული მეგობრობის მაგალითი არ შექმნილა...

- და დღეს როგორ აღვიქვამთ ერთმანეთს?

- ჩვენი ურთიერთობების ეგრეთ წოდებული მიმინოიზაცია იყო ტენდენცია, სადაც ურთიერთობა რთულდება და საბოლოოდ წყდება მესამე მხარის, რუსეთის აქტიური ჩართულობით. დღესაც კი, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის შემდეგ, სომხები და ქართველები ერთმანეთს აღიქვამენ რუსული სათვალით და ხშირ შემთხვევაში, რუსეთი, თავისი ინტერესებით, ემსგავსება მუნჯ სპილოს იმ ოთახში, სადაც ორი მხარე, ახალი რეალობის ფონზე ცდილობს ერთმანეთის ხელახლა გაცნობას.

არმენ ოჰანიანი ქართველ მწერლებთან ერთად ახლა ცდილობს იპოვოს სომხურ-ქართული ურთიერთობის მხარდაჭერის ახლებური, ნათელი წერტილები და დიანა უკლებას სახელის გახსენებაც ამის მცდელობაა - იქნებ მისი და ჯოტოს სიყვარულის ისტორია გახდეს ასეთი ათვლის წერტილი? და იქნებ ხვალ ერევნის ქუჩებში იცნონ თანამედროვე ქართველი მწერლები და პირიქით?

"მაგრამ ეს ქართველებზეც არის დამოკიდებული, როგორ ფიქრობ, მოუნდებათ?" - მეკითხება არმენი.

„ძალიან მომწონს ფრუნზიკი („მიმინოდან“), მშვენიერი მსახიობია და დანელიას ფილმიც ჩემთვის გასაგებია, მაგრამ ჩვენ ახლა ჩვენს საზოგადოებებს ახალი რამ უნდა შევთავაზოთ. ახალი უნდა გავიგოთ ერთმანეთზე. ძალიან გამიხარდება, ერევნის ქუჩებში მაგალითად, მწერალი პაატა შამუგია იცნონ და მას ავტოგრაფი ან ფოტო სთხოვონ“.

მაგრამ ამ სურვილის ასრულება ორივე მხარეს უნდა უნდოდეს და ამაზე ლაპარაკი უნდა დავიწყოთ, - ამბობს არმენი.

ვიტრინა ჯოტოს მუზეუმიდან

მისი აზრით, ნელ-ნელა სომხურ-ქართული დიალოგის ენაც იცვლება - რუსულს ინგლისური ანაცვლებს, მაგრამ ჯერ ისევ აშკარაა, რომ სომხურ-ქართული კულტურული ურთიერთობები კვლავ საბჭოთა საფუძველზე დგას, თითქოს რაღაც ტიპის ნოსტალგიაზეა მიბმული. და ამას, მისი აზრით, ფაქტებიც ამყარებს - მაგალითად, სომხეთის მედიას ძალიან დიდი ხანია არ შეუქმნია რაიმე გადაცემა, რომელიც სომხურ-ქართულ კულტურულ დიალოგზე იქნებოდა:

„ერთ-ერთი ბოლო სატელევიზიო შოუ, რამდენადაც მახსოვს, 2010 წელს გავიდა და მასაც ასე ერქვა „მიმინო შოუ“... ველოდით, რომ სომხეთში 2018 წელს მომხდარი რევოლუცია გარდამტეხი იქნებოდა ამ დიალოგისთვისაც, მაგრამ ასე არ მოხდა... იცით, რა აჩუქა 2021 წლის 23 იანვარს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა აივაზიანმა თავის ქართველ კოლეგას დავით ზალკალიანს? „მიმინოს“ სცენის ამსახველი ფოტო. ეს რაღაცნაირად უნდა შევცვალოთ. თავიდან დავიწყოთ“, - ამბობს არმენ ოჰანიანი და ისევ მეკითხება:

- საქართველოში როგორ არის ეს ამბავი?

ჯოტო და დიანა - თბილისში დაწყებული სიყვარულის ამბავი

დიანა უკლებაზე ქართულ ინტერნეტში ბევრი არაფერი იძებნება - შემოგვხვდა ცნობა, რომ 1997 წელს, ის ქართული ხელოვნების განვითარებაში, ქართველი და სომეხი ხალხის მეგობრული და შემოქმედებითი ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ღირსების მედლით დააჯილდოვა.

მაგრამ თუ ერევანში მოხვდებით და ჯოტოს სტუდია-მუზეუმში მიხვალთ, იქ აუცილებლად გიამბობენ ჯოტოს და დიანას საქართველოში დაწყებული სიყვარულის ამბავს.

ახალგაზრდა მხატვარი გევორგ გრიგორიანი, ფსევდონიმით ჯოტო - ქუთაისში უცნობი გოგონას პორტრეტს ხატავს. გადის წლები. თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი დიანა უკლება მეგობრებთან ერთად ჯოტოს სახელოსნოში მიდის, სადაც თავის პორტრეტს ნახულობს და ჯოტოს ეუბნება, რომ ეს გოგო, ნახატზე, თავადაა. მათ ერთმანეთი უყვარდებათ და მიუხედავად ოჯახის წინააღმდეგობისა, დიანა უკლება ასაკით უფროს ჯოტოს ცოლად მიჰყვება.

დიანა უკლებას პორტრეტი - დახატული ჯოტოს მიერ

მერე იწყება რთული, ჯოტოს დევნის წლები, მას, როგორც „დეპრესიულ მხატვარს“, ხშირად იწუნებენ და ეუბნებიან, რომ მის ნახატებს „სოციალური ოპტიმიზმი“ აკლია და საბოლოოდ, საქართველოს მხატვართა კავშირიდანაც რიცხავენ.

იმ პერიოდში ჯოტომ ასობით სურათი გაანადგურა - დიანამ მხოლოდ რამდენიმეს გადარჩენა შეძლო, მაგრამ გადაარჩინა თავად ჯოტო. იმ წლებში მხოლოდ დიანა მუშაობდა და ჯოტოს ეხმარებოდა.

ჯოტოს პორტრეტი - დახატული დიანა უკლებას მიერ

60-იანი წლების დასაწყისში ისინი ერევანში გადადიან - ჯოტო ისევ იწყებს ხატვას, მათ ბინას აძლევენ, ჯოტო დიდ სახელოსნოს ხსნის და ფაქტობრივად მთელი ცხოვრება ხატავს თავისი ცხოვრების ორ დიდ სიყვარულს - თბილისს და დიანას.

არმენი გვიამბობს, რომ ეს სახელოსნო ერევნის ბოჰემური შეკრებების ადგილი იყო - იქ იკრიბებოდნენ თბილისელი სომხები, ცნობილი ადამიანები, მწერლები, ხელოვანები.

გევორგ გრიგორიანის "მეტეხი"

წყვილს შვილი არ ჰყოლია. ჯოტოს გარდაცვალების შემდეგ, დიანა უკლებამ სახელოსნო მუზეუმად გადააქცია. ე.წ. პერესტროიკის პერიოდში დიანა დროებით თბილისში წავიდა, მაგრამ იქ დიდხანს ვერ გაჩერდა და ისევ უკან, ერევანში გაბრუნდა. რადგან იქ სახლი აღარ ჰქონდა, მის მიერვე დაარსებულ სახელოსნო-მუზეუმში ცხოვრობდა და ბოლომდე ხელმძღვანელობდა მას. და რაც მთავარია, ბევრს ხატავდა. დიანა უკლებას ნამუშევრები მუზეუმშიც არის დაცული, რამდენიმე კი - სომხეთის ეროვნული გალერეის არქივში ინახება.

კადრი გევორგ გრიგორიანის - ჯოტოს მუზეუმიდან

ის 2001 წელს, ერევანში გარდაიცვალა და ერევნის საქალაქო სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით დაკრძალეს. დიანა უკლებას მთელი ცხოვრების განმავლობაში პრინციპულად არ გაუყიდია მეუღლის არცერთი ნახატი. მათ შორის, ყველაზე მძიმე წლებში, როდესაც მასაც ძალიან უჭირდა.

„ჯოტოსა და დიანას სიყვარულის ისტორია ქალაქური ლეგენდასავითაა, ვისაც მათთან ურთიერთობა ჰქონია, ყველას ახსოვს, რომ ისინი ერთმანეთს ქართულად ელაპარაკებოდნენ და ერთმანეთის მოფერებას და ხვევნა-კოცნას საჯაროდ არ ერიდებოდნენ“, - გვიამბობს არმენ ოჰანიანი.

სწორედ ეს ამბავი გახდა სომხეთის პენცენტრის ხელმძღვანელისთვის ბიძგი, რომ მას კიდევ ერთხელ ეთხოვა ჯოტოს მუზეუმისათვის დიანა უკლებას სახელის დარქმევაც და ამ ჟესტით საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობებში ახალი ეტაპის დაწყებაც ეცადა.

P.S. სომხეთისა და საქართველოს PEN ცენტრების მიერ ორგანიზებული სომხურ-ქართული ლიტერატურული დღეები კი 9 ივნისს გაიხსნება - სულ ითარგმნა (მთარგმნელები: ასია დარბინიანი, დიანა ანფიმიადი) 13 ქართველი და 13 სომეხი ავტორი - ისინი ერთმანეთს და მკითხველს ერევანში შეხვდებიან.