მეტრომშენში დაჭრილი 15 წლის ბიჭის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

თბილისი, მეტრომშენის დასახლება - ის ადგილი, სადაც 15 წლის ბიჭი დაჭრეს

თბილისში, მეტრომშენის დასახლებაში დაჭრილი 15 წლის მოზარდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას "ამტელ ჰოსპიტლის" ბავშვთა ქირურგმა გოჩა ბახტაძემ განუცხადა.

"ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. საკმაოდ რთული ოპერაცია ჩაუტარდა გუშინ წარმატებით. ამჟამად მართვით სუნთქვაზეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. დღის ბოლოს, თუ მდგომარეობა მისცემს საშუალებას, იგეგმება მართვის აპარატიდან გამორთვა და გაღვიძება", - ამბობს ბავშვთა ქირურგი.

მისი თქმით, მოზარდს მუცლის ღრუში ჰქონდა მრავლობითი დაზიანება, მათ შორის ნაწლავების, სისხლძარღვების.

"ერთი დარტყმით იყო, სავარაუდოდ დანით. ღრმა იყო ჭრილობა, რადგან მრავლობითი დაზიანება ჰქონდა. სისხლის გადასხმა დასჭირდა. საუბარი არ შეეძლო, თუმცა გონება არ ჰქონდა დაკარგული", - ამბობს ქირურგი.

15 წლის მოზარდის დაჭრისთვის მისი თანატოლი ბიჭი დააკავეს.

ასევე ნახეთ 15 წლის მოზარდის დაჭრისთვის მისი თანატოლი  დააკავეს

გამოძიება განზრახ მკვლელობის, 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ გ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით, ჭრილობები მიაყენა 2006 წელს დაბადებულ ლ.ა.- ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - აცხადებენ შსს-ში.

შემთხვევა გუშინ, 30 მაისს მოხდა. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ მეტრომშენში დაახლოებით 13:00 საათზე გაიგეს ხმაური, რის შემდეგაც, რამდენიმე წუთში, ავტოსადგომებიდან გამოიყვანეს დაჭრილი მოზარდი.