კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთის შემადგენლობაში უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების შესვლას „შესაბამისი პირობები“ სჭირდება. როგორც პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი ამბობს, საჭიროა ამ რეგიონებში მცხოვრებთა „სურვილი და გადაწყვეტილებაც“.
პესკოვს დღეს მოსკოვში ჟურნალისტებმა სთხოვეს კომენტარი რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ლიბერალ-დემოკრატების ლიდერის, ლეონიდ სლუცკის განცხადებაზე, რომ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებში შესაძლოა, ამ ზაფხულს ჩატარდეს რეფერენდუმები რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე.
პუტინის პრესმდივნის თანახმად, „რეფერენდუმების შესახებ გადაწყვეტილება კრემლის მისაღები არ არის“ და ადრეც არაერთხელ უთქვამთ, რომ „საკუთარი ბედი თავად ამ ტერიტორიებზე მცხოვრებმა ადამიანებმა უნდა გადაწყვიტონ“.
პესკოვის განცხადებითვე, „აუცილებელია შესაბამისი პირობების შექმნაც“. შეკითხვას, რა პირობებზეა საუბარი, უპასუხა, რომ „როცა უსაფრთხოება სრულად უზრუნველყოფილი არ არის და გრძელდება უკრაინელი სამხედროების და ნაციონალისტების დარტყმები სამოქალაქო სამიზნეებზე“, ასეთ პირობებში რეფერენდუმებზე საუბარი ნაკლებად შესაძლებელია.
ასევე ნახეთ რუსეთთან შეერთება მიზნად გამოაცხადა უკრაინის კიდევ ერთი ოლქის "ადმინისტრაციამ"ასევე ნახეთ რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით მისცემენ უკრაინის კიდევ ორი ოლქის მცხოვრებთ
2014 წელს, რუსეთმა მასთან შეერთების მიზნით, ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება უზრუნველყო ყირიმში, ხოლო ე.წ. დამოუკიდებლობის გამოსაცხადებლად უკრაინის კიდევ ორ ტერიტორიაზე - დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში.
უკრაინაზე თავდასხმამდე, 2022 წლის 24 თებერვლამდე რამდენიმე დღით ადრე, პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა "რეფერენდუმების" საფუძველზე შექმნილი, ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".