პრეზიდენტი 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს შეკრების გადადებისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 20 ივნისს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, გადადონ შეკრება. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე თქვა.

"მივმართავ 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს, თუ დაფიქრდებიან, შეიძლება გადაიდოს ეს გამოსვლა, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება. ახლა, ჩემი აზრით, არ არის დრო პოლიტიკური ამბიციების გამოჩენის და საზოგადოების დაყოფის. ამავდროულად, ვაფრთხილებ ხელისუფლებას, რაღაც განცხადებების შემდეგ, თუ მაინც ჩატარდა, ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ეს პროტესტი, ყოველივე ექსცესზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე იქნება. ახლა ჩვენი ერთობის და მხოლოდ ერთობის დროა", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მანვე დღეს, 14 ივნისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, ყველა პოლიტიკურ ჯგუფსა და მოქალაქეებს მოუწოდა, შეიკრიბონ ევროპის მოედანზე 16 ივნისს, 19:00 საათზე. მისი თქმით, ამ შეკრებაზე არ უნდა იყოს პოლიტიკური გამოსვლები და ყველა პოლიტიკოსი უნდა მივიდეს უბრალო მოქალაქის სტატუსით.

ასევე ნახეთ ზურაბიშვილი საზოგადოებას 16 ივნისს ევროპის მოედნიდან რიყემდე შეკრებას სთავაზობს
ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი: ყველას ვაწყენინეთ და ვიმუქრებით... საფრთხე ჩნდება იზოლაციის

20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით აქცია იმართება. აქცია სახელწოდებით "შინ ევროპისკენ", საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კენჭისყრამდე ჩაინიშნა.

ამ აქციის საკითხს შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ, 13 ივნისს გამართულ მთავრობის სხდომაზე და ორგანიზატორები გააფრთხილა:

"მთავარი ისაა, რომ ახლა, ამ ყოველგვარი ჩავარდნის შემდეგ, როცა ვერც ომში ჩააბეს ქვეყანა, ვერც ვერაფერი გააკეთეს, უნდათ, რომ 20 ივნისს გამართონ აქცია, თითქოს ევროკავშირის რაღაც ინტეგრაციის და სტატუსის მინიჭების მოთხოვნით...

მე მინდა ყველა გავაფრთხილო, ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს, ვინმე არ წამოეგოს ამ პროვოკაციას, ჩვენ არცერთ უკანონო ქმედებას არავის არ ვაპატიებთ. ჩვენ, მთავრობა, კანონით მონიჭებული უფლებით და ძალით დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას".