დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რომელიც სამხედრო დაზვერვის მონაცემებს ეფუძნება, რუსეთის სამხედრო ძალები აკონტროლებენ უკრაინის ქალაქ სევეროდონეცკის უდიდეს ნაწილს. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ქალაქებში საბრძოლო მოქმედებების წარმოების რუსულმა ტაქტიკამ, რომელიც არტილერიის ინტენსიურად გამოყენებას ეფუძნება, სევეროდონეცკს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
ბრიტანული სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, სევეროდონეცკის სამრეწველო ზონაში მდებარე ქიმიური ქარხნის, „აზოტის“ მიწისქვეშა ბუნკერებში, უკრაინელი სამხედროების გარდა, იმყოფება რამდენიმე ასეული სამოქალაქო პირი.
Latest Defence Intelligence update on the situation in Ukraine - 15 June 2022 Find out more about the UK government%27s response: https://t.co/WxbRo1tEgH🇺🇦 #StandWithUkraine 🇺🇦 pic.twitter.com/RX2bHMeIEc
— Ministry of Defence 🇬🇧 (@DefenceHQ) June 15, 2022
ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ სევერონეცკისთვის ბრძოლა რამდენიმე კვირაა გრძელდება. სამხედრო ანალიტიკოსების თანახმად, რუსეთს უკრაინის ამ ქალაქზე კონტროლის დამყარება სჭირდება, რათა გამოაცხადოს, რომ ლუგანსკის ოლქი მთლიანად „გაათავისუფლა“.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, რუსეთი ძირითად ძალებს თავს მოუყრის სევეროდონეცკის ქარხანა "აზოტის" გარშემო, რაც დროებით შეაფერხებს სხვა მიმართულებებით ამოცანების შესრულებას.
უკრაინული მედია წერს, რომ "აზოტი" შესაძლოა, მეორე "აზოვსტალად" იქცეს. უკრაინელი მებრძოლები დაახლოებით სამი თვის განმავლობაში იცავდნენ დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლის მეტალურგიული გიგანტის, ქარხანა "აზოვსტალის" ტერიტორიას.
ასევე ნახეთ „თავშესაფრების მოწყობა 2015 წელს დავიწყეთ“ - ინტერვიუ „აზოვსტალის“ დირექტორ ენვერ ცქიტიშვილთან14 ივნისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სევეროდონეცკის ქარხანა "აზოტის" დამცველ უკრაინელ სამხედროებს დანებება მოსთხოვა და განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო პირებისთვის ჰუმანიტარულ დერეფანს გახსნის.