საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოსახლეობას მოუწოდებს, მივიდეს ყველა აქციაზე, რომელიც საქართველოში ევროინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად იმართება. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ამისთვის საზოგადოებამ ახლა ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს.
"ახლა არ არის დრო საზოგადოების დაყოფის. მე პირიქით, მოვუწოდებ მოსახლეობას, ყველგან, სადაც იქნება შეკრება ევროკავშირთან ინტეგრაციის მოთხოვნით, ჩვენ, ალბათ, ყველგან უნდა მივიდეთ და არ უნდა დავიღალოთ. ეს იქნება ორი, სამი თუ ოთხი შეკრება, რამდენიც საჭირო იქნება იმისთვის, რომ ევროპას დავანახოთ, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპა.
ეს აქციები უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში ჩვენს ხელისუფლებას დავანახოთ, ხალხი ითხოვს იმ რეფორმების განხორციელებას, რაც დაგვაახლოებს ევროპასთან. ვფიქრობ, ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს საზოგადოებამ...
შეიძლება უფრო მეტი შეკრებაც გახდეს საჭირო. დღეს არის ის მომენტი, როდესაც საზოგადოებამ არ უნდა დაიზაროს თავისი პოზიციის საჯაროდ გამოხატვა არცერთ ფორმატში", - თქვა სახალხო დამცველმა.
საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტილების მიღებამდე თბილისში ორი აქცია ჩაინიშნა, 16 და 20 ივნისს. 20 ივნისის აქციის ორგანიზატორია სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია". გუშინ, 14 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მათ შეკრების გადადებისკენ მოუწოდა, მოქალაქეებს და მათ შორის პოლიტიკოსებს კი სთხოვა, 16 ივნისს ევროპის მოედანზე მივიდნენ.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილი საზოგადოებას 16 ივნისს ევროპის მოედნიდან რიყემდე შეკრებას სთავაზობს