ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს გამოეხმაურა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.
"ჩვენ ასევე მივესალმებით მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას. და მუშაობას იმისთვის, რომ იგივე შესაძლებლობა მივცეთ ქართველ ხალხს. ჩვენი კარი ღია უნდა დარჩეს. გავაძლიეროთ ევროპა, დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და დავიცვათ თავისუფლება."
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა, 17 ივნისის გამოსვლაში თქვა, რომ საქართველო ახლა პოლიტიკურად უნდა გაერთიანდეს, რათა მკაფიო გზა შეიმუშაოს სტრუქტურული რეფორმებისა და ევროკავშირისკენ.
"ჩვენ გირჩევთ საქართველოს მიანიჭოთ ევროპული პერსპექტივა, მაგრამ დაბრუნდეთ და შეაფასოთ, რამდენად აკმაყოფილებს ის მთელ რიგ პირობებს, სანამ მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭება."
უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის წევრობის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის გადაწყვეტილების გასაჯაროების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ საქართველოს შესახებ მიღებულ განსხვავებულ რეკომენდაციაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა:
"მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყანას არავითარ ფინანსურ თუ სხვა მატერიალურ პრივილეგიას არ ანიჭებს, აღნიშნული სტატუსის ამ ეტაპზე არმიღება ჩვენთვის, გარკვეულწილად, მაინც, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია. თუმცა, გვესმის, რომ საქართველოს, უკრაინისგან და თუნდაც, მოლდოვისგან განსხვავებით, ამ სტატუსის მისაღებად აუცილებელი მსხვერპლი დღეს არ გაუღია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, 14 და 30 წლის წინ გაღებულ მსხვერპლსა და დაღვრილ სისხლს ევროპელი პარტნიორებისთვის აქტუალობა უკვე დაკარგული აქვს.
ევროკომისიის დასკვნით, საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. თუმცა, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსისთვის, 12 მოთხოვნა უნდა შეასრულოს.
ასევე ნახეთ ევროკომისიის 12 მოთხოვნა მოკლედ - რა უნდა გააკეთოს საქართველომ, EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებადსაბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭო მიიღებს ბრიუსელში, 23-24 ივნისს დანიშნულ სამიტზე.
ასევე ნახეთ სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებას ევროკავშირის სტატუსის მისაღებად რეფორმების დაუყოვნებლივ დაწყებას სთხოვს