თურქეთს ჯერ კიდევ შეუძლია დაბლოკოს ნატოში ფინეთისა და შვედეთის მიღება, თუ ეს ქვეყნები შეთანხმებას არ შეასრულებენ. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა 30 ივნისს, მადრიდში, ნატოს სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ერდოანის თქმით, თუ თურქეთის პარლამენტი მხარს არ დაუჭერს ნატოში ფინეთის და შვედეთის შესვლას, პროცესი ვერ დასრულდება, ამიტომ ამ ქვეყნებმა აღებული ვალდებულებები უნდა შეასრულონ. პრეზიდენტ ერდოანის თანახმად, ანკარა ყურადღებით დააკვირდება მემორანდუმის შესრულებას და შემდგომ ნაბიჯებს ამის მიხედვით გადადგამს.
როგორც სააგენტო „ანადოლუ“ წერს, ერდოანმა თურქეთის მიერ რთული მოლაპარაკებების შედეგად მოპოვებული დიპლომატიური გამარჯვება უწოდა ფინეთსა და შვედეთთან გაფორმებულ მემორანდუმს. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ანკარამ თავისი პოზიციით აჩვენა, რომ ტერორიზმის საკითხი მისთვის წითელი ხაზია.
ერდოანის თქმით, ქურთების დაჯგუფებებსა და სხვა „ტერორისტულ ორგანიზაციებთან“ ბრძოლამ ათასობით თურქის სიცოცხლე შეიწირა, ამიტომ მოთმინება და დრო აღარ დარჩათ და პროცესის გაჭიანურებას არ დაუშვებენ. თურქეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, ნატოს მადრიდის სამიტზე მიღწეული შეთანხმების ფარგლებში თურქეთს დაჰპირდნენ 73 „ტერორისტის“ გადაცემას.
ასევე ნახეთ თურქეთი დათანხმდა, მხარი დაუჭიროს ნატოში ფინეთისა და შვედეთის მიღებასსააგენტო „ფრანს პრესმა“ გამოაქვეყნა შვედეთის იუსტიციის და მიგრაციის საკითხთა მინისტრ მორგან იუჰანსონის კომენტარი, რომლის თანახმად, ეროვნული კანონმდებლობის იმპლემენტაცია ხდება დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ, შვედეთის მოქალაქეები ექსტრადიციას არ ექვემდებარებიან, სხვა ქვეყნების მოთხოვნით მათი მოქალაქეების გადაცემა კი შესაძლებელია, თუ ეს შეესაბამება შვედეთის კანონმდებლობას და ევროპულ კონვენციას.
შვედეთმა და ფინეთმა ნატოში შესვლა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ გადაწყვიტეს. ალიანსში მათ მიღებას თურქეთი ეწინააღმდეგებოდა იმ მოტივით, რომ შვედეთი და ფინეთი მფარველობენ „ტერორისტებს“, რომლებსაც ანკარა ებრძვის. 28 ივნისს, მადრიდში, ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტის ფარგლებში, სამმა ქვეყანამ ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის თანახმად, უნდა შეიქმნას ერთობლივი მექანიზმი ტერორიზმთან საბრძოლველად თანამშრომლობის განმტკიცებისთვის, შვედეთი და ფინეთი კი გადადგამენ შესაბამის ნაბიჯებს შიდა კანონმდებლობის გასამკაცრებლად. მემორანდუმის ხელმოწერიდან მეორე დღეს, 29 ივნისს, ნატოს ლიდერებმა შვედეთი და ფინეთი ორგანიზაციაში ოფიციალურად მიიწვიეს.
ასევე ნახეთ მეტი ნატო პუტინს - შვედეთი და ფინეთი ალიანსში მიიწვიესნატოს წევრებად შვედეთის და ფინეთის მიღების ოქმები 5 ივლისს უნდა გაფორმდეს. ამის შემდეგ, ოქმების რატიფიცირება უნდა განახორციელოს ალიანსის წევრი 30-ივე სახელმწიფოს პარლამენტმა.