ელენე ხოშტარია გრიგოლ ლილუაშვილისა და ვახტანგ გომელაურის სანქცირებას ითხოვს

ელენე ხოშტარია ბრიფინგზე

პოლიტიკური პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ცალკეული ბიზნესმენების, მოსამართლეებისა და პროკურორების სანქცირების მოთხოვნის შემდეგ, ასახელებს ასევე რამდენიმე მაღალჩინოსანს და ამბობს, რომ ეს ადამიანები არიან ჩართული საქართველოში ოლიგარქიულ მმართველობაში. ბრიფინგზე, რომელიც 7 ივლისს გაიმართა, ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ სანქციები უნდა გავრცელდეს შინაგან საქმეთა მინისტრზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსზე და ამავე სისტემის კიდევ ერთ მაღალჩინოსანზე, რომელიც მოსმენების საკითხს განაგებს.

"ჩვენ წარმოვადგინეთ პატარა ოლიგარქები, ანუ ის კორუფციული სქემა ვითომ ბიზნესმენების, რომელზეც დგას რუსეთთან კავშირები... დღეს მინდა აქცენტი გავაკეთო ძალოვან სტრუქტურებზე. ძალოვანი სტრუქტურები არის ის საყრდენი, რომლითაც ოლიგარქიული მმართველობა იტაცებს სახელმწიფოს და ჩართულია რუსეთთან საშიში კავშირების შექმნაში ან დაფარვაში", - თქვა ხოშტარიამ.

აღნიშნული მაღალჩინოსნების იმ სიაში მოხვედრის საჭიროება, რომლებზეც სანქციები უნდა გავრცელდეს, ელენე ხოშტარიამ ასე დაასაბუთა:

  • გრიგოლ ლილუაშვილი - "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილის პირადი გარემოცვიდან, არის "ქართუდან" ისევე, როგორც ბევრი ამ მთავრობაში. უსაფრთხოების სამსახური, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, არის არა ქვეყნის, არამედ ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის უსაფრთხოების სამსახური, რომელიც [არის სამსახური] პოლიტიკური შანტაჟისა და დევნისა. გვაქვს ინფორმაცია, რომ ფიგურირებდა სანქცირებული ტვირთით საქართველოში შემოსულ რუსული გემის საქმეში";
  • კობა კობიძე - "ეს არის ადამიანი სუსიდან, რომელიც არის ჩართული მიყურადებაში, შანტაჟში";
  • ვახტანგ გომელაური - "ბიძინა ივანიშვილის პირადი გარემოცვიდან არის. მისი პირადი მცველი, რომელიც დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად. ნაცვლად იმისა, რომ ემსახურებოდეს ქვეყანას, ემსახურება ივანიშვილს".

"დროას" ლიდერმა მსგავსი ბრიფინგები გამართა 10, 14 და 23 ივნისსაც. პირველ ბრიფინგზე ელენე ხოშტარიამ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ბიზნესმენებზე ისაუბრა, მეორეზე - პროკურორებზე, მესამეზე კი - მოსამართლეებზე და მათი სანქცირება მოითხოვა.

ასევე ნახეთ ელენე ხოშტარია ასახელებს პროკურორების ვინაობას, ვის დასანქცირებასაც ითხოვს
ასევე ნახეთ ხოშტარია ივანიშვილთან დაკავშირებულ ბიზნესმენებს ასახელებს და მათ სანქცირებას ითხოვს
ასევე ნახეთ ხოშტარია ითხოვს მოსამართლეების სანქცირებას, რადგან, მისი თქმით, ოლიგარქიული მმართველობის საყრდენი არიან

საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს, მათ შორის ერთ-ერთი დეოლიგარქიზაციას შეეხება.

ასევე ნახეთ ევროკომისიის 12 მოთხოვნა მოკლედ - რა უნდა გააკეთოს საქართველომ, EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოლიგარქია არა მათი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, არამედ ტელეკომპანია "ფორმულის" ერთ-ერთი მეწილე დავით კეზერაშვილი და პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 21 ივნისს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამ ჩამონათვალს დაამატა "ლელოს" ლიდერები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე.

ასევე ნახეთ სარჯველაძე: პრიმიტიულად ნურავინ იტყვის, რომ რახან ივანიშვილს ფული აქვს, ოლიგარქია
ასევე ნახეთ კობახიძის თქმით, დეოლიგარქიზაციისკენ ნაბიჯი სააკაშვილის დაჭერით უკვე გადაიდგა
ასევე ნახეთ ღარიბაშვილი: "ქართული ოცნების" და ივანიშვილის დამსახურებაა ევროინტეგრაციის მიღწევები

ოლიგარქია ("ოლიგონ“ — ცოტა და „არქე“ — ძალაუფლება) ბერძნული სიტყვაა და კლასიკური გაგებით, პირთა მცირერიცხოვანი ჯგუფის ძალაუფლებასა და მათ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ბატონობას ნიშნავს. ეს ჯგუფი ძალაუფლებას საკუთარი, ვიწრო ინტერესებისთვის იყენებს. კემბრიჯის ლექსიკონის განმარტებით კი ოლიგარქი უაღრესად მდიდარი და ძალაუფლების მქონე ადამიანია, განსაკუთრებით რუსეთიდან, რომელიც საბჭოთა კავშირის დასასრულის შემდეგ გამდიდრდა.