"სიმართლის სათქმელად" მმართველ პარტიას რეგიონებიდან კიდევ 3 წევრი ტოვებს

ფოტო არქივიდან

ლაგოდეხის, თერჯოლის, გორის, ახალციხისა და ჭიათურის საკრებულოების დეპუტატების შემდეგ, მმართველ პარტიას "სიმართლის თქმის" მოტივით ტოვებენ ასპინძის, ადიგენისა და თელავის საკრებულოების თითო-თითო წევრი. ისინი "ფეისბუკში" წერენ, რომ აპირებენ "შეუერთდნენ იმ ადამიანებს, ვინც მზადაა ისაუბროს უფრო ღიად და დაიცვას მშვიდობა".

  • იმედა მღებრიშვილი, ადიგენის საკრებულო: "ჩვენ უკან დასახევი ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და მშვიდობის დასაცავად არაფერი გვაქვს. საჭიროა თავისუფლად საუბარი ყველაფერზე, რაც ხდება. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა მიიღოს იმ კითხვებზე პასუხები, რომელიც არსებობს. სწორედ ამიტომ, იმისთვის, რომ მმართველ გუნდს უხერხულობა არ შევუქმნა, მე ვტოვებ ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს და პარტია "ქართულ ოცნებას". ვაპირებ შევუერთდე იმ ადამიანებს, ვინც მზადაა ისაუბროს უფრო ღიად და დაიცვას მშვიდობა, სტაბილურობა ამ ქვეყანაში და ამ ქვეყნის ევროპული მომავალი".
  • გია ჭელიშვილი, ასპინძის საკრებულო: "დღეს ძალიან რთულ სიტუაციაში ვხედავთ, რომ ზოგიერთი ვითომ ევროპელი ჩვენს ქვეყანას და ხალხს "ყურის აწევით" ელაპარაკებიან, ცდილობენ ტოლობის ნიშანი დასვან "ნაციონალურ მოძრაობასა" და ევროპას შორის. სწორედ ეს ხალხი აზიანებს ნამდვილ ევროპულ იდეას ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ჩემთვის ნიშნავს მშვიდობას და არა - ომს, საქართველოს დამოუკიდებლობას და არა - ვასალობას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით გადავწყვიტე დავტოვო პარტია "ქართული ოცნება" და ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა იმისთვის, რომ თავისუფლად შევძლო ამ ყველაფერზე საუბარი."
  • ლევან კოჭლოშვილი, თელავის საკრებულო: "სწორედ ამიტომ იმისთვის, რომ მე შევძლო თავისუფლად საუბარი და მოქმედება, გადავწყვიტე დავტოვო დაკავებული თანამდებობა და შევუერთდე იმ ადამიანების რიგებს ვინც აპირებს იბრძოლოს სიმართლისთვის, დაეხმაროს საკუთარ ქვეყანას ასეთ რთულ მომენტში და ხელი შეუშალოს ყველა მცდელობას რომელმაც შეიძლება საქართველო ომამდე მიიყვანოს".
ასევე ნახეთ ლაგოდეხის და ჭიათურის შემდეგ, "ქართული ოცნება" დატოვეს ახალციხის და თერჯოლის საკრებულოების წევრებმაც
ასევე ნახეთ "ქართული ოცნება" დატოვეს ლაგოდეხის და ჭიათურის საკრებულოების წევრებმა

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" "სიმართლის თქმის" მოტივით დატოვება 28 ივნისს დაიწყეს. პირველები საქართველოს პარლამენტის წევრები დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი იყვნენ. მათ 29 ივნისს ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ "არიან დიდი ძალები", რომლებსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია სურთ. პარტიიდან წასვლის მიზეზად და მიზნად ამ დეპუტატებმა "საზოგადოების სიმართლით აღჭურვა" დაასახელეს.

ასევე ნახეთ "უნდა აღვჭურვოთ საზოგადოება სიმართლით" - ხუნდაძე, ყაველაშვილი და სუბარი საერთო განცხადებას ავრცელებენ

უფრო ადრე, 14 ივნისს, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ყოფილი თუ მოქმედი დასავლელი მაღალჩინოსნების განცხადებები, შესაძლოა, მოსახლეობას უქმნიდეს განცდას, რომ აშშ-ის საქართველოს ომში ჩართვა სურს. დეპუტატმა დაასახელა კონკრეტული გვარებიც და თქვა, რომ მართალია, ისინი არ არიან აშშ-ის მოქმედი პოლიტიკოსები, თუმცა საზოგადოებრივი აზრის შექმნა შეუძლიათ.